• Ƀ/$

დრონების ომით მსოფლიომ ნავთობწარმოების 5% დაკარგა

16 სექტემბერი 12:52 | ანალიტიკა

საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, შაბათს, 14 სექტემბერს, მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დღიური წარმოების ნახევარზე მეტი შეწყვიტა.

ჩვეულებრივ, ყოველდღიურად 9,7 მლნ  ბარელი იწარმოებოდა, ამჟამინდელი მდგომარეობით კი 5,7 მლნ ბარელით შემცირდა ეს პროცესი. დღეს, 16 სექტემბერს, ოფიციალური ერ-რიადი ელოდება, რომ 2 მლნ. ბარელი ნავთობის გამომუშავების აღდგენას შეძლებს.


დარგის ექსპერტების და ანალიტიკოსების ვარაუდით, დღეს, ვაჭრობის განახლებისას, ნავთობის ფასები $5-10-ით მოიმატებს და შესაძლოა ბარელმა ნავთობმა $100 მიაღწიოს, იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთი ვერ შეძლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენას.


საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მომხდარმა თავდასხმამ, მათ ნავთობის მოპოვება თითქმის გაუნახევრა, რაც საერთო ჯამში მსოფლიო ნავთობის 5%-ს შეადგენს.


რას ფიქრობენ ექსპერტები?


ბობ მაკნელი (RAPIDAN ENERGY) – „ნავთობის ფასები მინიმუმ $15-20-ით აიწევს, იმ შემთხვევაში თუ მიწოდების შეწყვეტა კვირაზე მეტხანს გაგრძელდება და სამნიშნა რიცხვი გახდება 30 დღიანი სცენარის შემთხვევაში“.


გრეგ ნიუმანი (ONYX COMMODITIES) – „ბაზარი შესაძლოა დაუბრუნდეს ბარელზე $100, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება პრობლემის მოგვარება მოკლევადიან პერსპექტივაში“.


აიჰამ კამელი (EURASIA GROUP) – „დაზიანების სწრაფად აღმოფხვრის შემთხვევაში, ბარელზე ფასის მატება $2-3 იქნება, ხოლო თუ ARAMCO-ს დაზიანება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ფასი $10-ით გაიზრდება. შეერთებული შტატები მხოლოდ მაშინ გახსნის საკუთარ რეზერვებს, თუ ინფრასტრუქტურული ზიანი იქნება მასშტაბური ან თუ ნავთობის ფასები კრიტიკულად გაიზრდება“, - განაცხადა კამელმა.


კრისტიან მალეკი (JP MORGAN) – „მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასი $3-5-ით მოიმატებს“. იგი ვარაუდობს, რომ უახლოესი სამი თვის მანძილზე, ბარელი $80-90-მდე მოიმატებს, რადგან ბაზარი დიდ ყურადღებას ამახვილებს გეოპოლიტიკაზე.


გარი როსი (BLACK GOLD INVESTORS) – „საუდის არაბეთის სანავთობე „ცენტრს“ დაესხნენ თავს, ამიტომ ველით ფასების მნიშვნელოვან ზრდას, ბარელზე $65-70-ს. აღნიშნული თავდასხმის დროული აღმოფხვრა რთულია და ის პერიოდულად განხორციელდება“.


ტილაკ დოში (MUSE & STANCIL) – „ნავთობის სამყაროში აღნიშნული შეტევა 11 სექტემბრის თავდასხმას უტოლდება, რადგან მოპოვების და დამუშავების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დაზიანდა. მომხდარი ფაქტი ირანის ე.წ. პროქსი ომებს, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების ცენტრში კიდევ უფრო მეტად მოაქცევს და აზიის სახელმწიფოებს აიძულებს ჰორმუზის სრუტეში, ტანკერების უსაფრთხოება გააძლიერონ. რეგიონის მთავრობები კიდევ უფრო მეტად დაუჭერენ მხარს აშშ-ის ადმინისტრაციის მკაცრ სანქციებს ოფიციალური თეირანის მიმართ.“


აშშ-ის ხელისუფლების შეფასება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნება დართო საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნას ქვეყნის სტრატეგიული სანავთობე რეზერვები, საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბაზრის სტაბილიზაციისთვის.


„საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული რეზერვებიდან ფიქსირებული მოცულობით ნავთობის მიწოდება მოხდება მსოფლიო ბაზრისთვის, ფასების და მოთხოვნილების ნორმალური დონის შესანარჩუნებლად“ - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინი ელოდებიან ოფიციალური ერ-რიადისგან პასუხს იმაზე, თუ ვინ დგას Aramco-ს ინფრასტრუქტურაზე მომხდარი თავდასხმის უკან და შემდეგ ამის მიხედვით იმოქმედებენ.


„არსებობს ვარაუდები და ჩვენ ვიცით ვინაა დამნაშავე, ამიტომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას დაგვიდასტურებს საუდის არაბეთი, თუ ვინ და რა ძალამ განახორციელა თავდასხმა“ - დაამატა დონალდ ტრამპმა.


იემენელმა ჰუთია აჯანყებულებმა, რომელთა წინააღმდეგ არაბული კოალიცია, საუდის არაბეთის მეთაურობით, იბრძვის, საკუთარ თავზე აიღეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ფაქტი.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ შეტევა იემენიდან განხორციელდა და აღნიშნულში იგი პირდაპირ ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს. საპასუხოდ, ოფიციალურმა თეირანმა პომპეოს განცხადებას „ყალბი“ უწოდა.


ირანი ბრალდებებს უარყოფს


ოფიციალური თეირანი უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებას, თითქოს ირანის ისლამური რესპუბლიკა საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმასთან შეხებაშია. ამის შესახებ ორშაბათს, 16 სექტემბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა. „ირანი ცალსახად აცხადებდა, რომ იემენის ხალხის წინააღმდეგობას მხარს უჭერს, აგრამ ამგვარი განცხადებები თეირანის მისამართით სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქვეყანაზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება აშშ-ის მხრიდან“ - თქვა მუსავიმ, რომლის გამოსვლას ტელეარხი Press TV გადასცემდა. – „ჩვენ უარვყოფთ ამ ბრალდებებს.“


აშშ-ის სახელმწიფო დივანმა, მაიკ პომპეომ შაბათს, 14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე საჰაერო თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. კვირას კი ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან, ლინდსი გრემმა აშშ-ის ხელისუფლებას ირანის ნავთობ-ობიექტებზე იერიშების მიტანა შესთავაზა, რაც, მისი თქმით, პასუხი იქნება საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს საწარმოებზე.


ევროკავშირმა და რუსეთმა უკვე გამოხატეს შეშფოთება რეგიონში სიტუაციის შესაძლო ესკალაციის გამო და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.


სხვა სიახლეები