• Ƀ/$

გაცვლის თუ არა ბელარუსი "უწმინდეს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს" რუსეთთან ინტეგრაციაში?

17 სექტემბერი 12:34 | ანალიტიკა

მინსკში „უსაქმური ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი“ უწოდეს რუსულ გამოცემა „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც რუსეთ–ბელარუსს შორის კონფედერაციულ ურთიერთობებზეა საუბარი.

სტატიის თანახმად, „რუსეთი და ბელარუსი სახელმწიფოთა ეკონომიკური სექტორის ნაწილობრივ გაერთიანებასა და ფაქტიურად კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ საუბრობენ“.


„დამოუკიდებლობა არის წმინდა და ხელშეუხებელი, შესაბამისად არ იქმნება არანაირი ერთობლივი მმართველი ორგანოები, რადგან ქვეყნები არ არიან მზად ამისთვის“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნატალია ეისმონტმა.


რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამის ზოგიერთი დეტალი გამოაქვეყნა, რომლის პარაფირება (ანუ წინასწარი ხელმოწერა) 6 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრებმა დმიტრი მედვედევმა და სერგეი რუმასმა შეიმუშავეს.


„საუბარი ეხება საკმაოდ რადიკალურ პროექტს - ეს არის გარკვეულწილად ევროკავშირის მსგავსი ეკონომიკური ინტეგრაცია და რიგ საკითხებში კონფედერაციული ან ფედერალური სახელმწიფოს მსგავსი მოდელი“, - წერს „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე დმიტრი ბუტრინი.


„საუბარია რუსეთის ფედერაციის უაღრესად ნაციონალიზებული ეკონომიკის მიერ, ბელარუსის ეკონომიკის მიერთებაზე, მათ შორის მართვის დონემდე“, - ნათქვამია სტატიაში.


გამოცემის თანახმად, დოკუმენტი შემდეგ დებულებებს შეიცავს:


·         2021 წლის 1–ლი აპრილიდან ერთიანი საგადასახადო კოდექსის მიღებას;


·         ელექტროენერგიის, გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების ერთიანი რეგულატორის შექმნას;


·         საბაჟო პოლიტიკის ინტეგრაციას;


·         საბანკო და ფინანსური ზედამხედველობის საერთო პრინციპებს;


·         შეთანხმებებს „სპეციალური ეკონომიკური ზომების“ საერთო პრინციპების შესახებ (აშკარად ერთიანი სასანქციო პოლიტიკა იგულისხმება);


·         როუმინგის ორმხრივ გაუქმებას 2020 წლის 1–ლი ივლისიდან.


აქვე „კომერსანტი“ აღიარებს, რომ არ არსებობს კონკრეტული მიდგომა, თუ როგორ განხორციელდება დოკუმენტში ნახსენები დეტალები.


მაგალითად, უცნობია, თუ რა განსხვავება იქნება ერთობლივ საბაჟო პოლიტიკასა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებულ პოლიტიკას შორის და კონკრეტულად რას ნიშნავს საგადასახადო კოდექსის ინტეგრირება ცალკეული ბიუჯეტების შენარჩუნების პარალელურად.



„პირობები არარეალურია და რაც მთავარია, აღნიშნულ სტატიაში ვადებია გასაკვირი“, - განაცხადა BBC-სთან საუბარში კომპანია Alpari Eurasia-ს უფროსმა ანალიტიკოსმა ვდიმ იოსუბმა.


„როდესაც წერენ, რომ წელიწადნახევარში შესაძლებელი იქნება სამოქალაქო კოდექსის, საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის, საბანკო და საბაჟო სისტემების უნიფიცირება/გაერთიანება, აღნიშნული ფანტასტიკის სფეროა. გარდა ამისა, ბელარუსისთვის მსგავსი ინტეგრაცია არ იქნება სასარგებლო და ხელსაყრელი მრავალი პარამეტრით“, - აცხადებს იოსუბი.


„ყველაზე ნათელ მაგალითად შესაძლოა მოვიყვანოთ ის, რომ ბელარუსი ფსონს აკეთებს შიდა IT-ოფშორზე, რომელსაც მაღალტექნოლოგიურ პარკს უწოდებენ. აღნიშნული სუბიექტი წლიდან წლამდე ზრდის სავალუტო შემოსავალს, ბელარუსისთვის მნიშვნელოვანი მასშტაბებით. ბიუჯეტის და საგადასახადო კოდექსების გაერთიანება გამოიწვევს მსგავსი შიდა ოფშორის არსებობის შეუძლებლობას“, - განაცხადა ექსპერტმა.


„სტატიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბელარუსს რეალურად მოუწევს ყველა რუსული კონტრ-სანქციის „გამოწერა“ და აღნიშნული მეტად სარისკოა მინსკისთვის“, - ამბობს იოსუბი.


„თუ შეიქმნება საწვავისა და ენერგო-კომპლექსის ბაზრის ერთიანი რეგულატორი, გაუგებარია თუ ვინ მართავს მას. თუ ბელარუსი და რუსეთი თანაბარ მართვას გადაწყვეტენ, ამას მოსკოვი არ მიიღებს, ხოლო თუ სახელმწიფოთა წონის პროპორციულად გადაწყვდება, ამას მინსკი არ მიიღებს“, - წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე პლატფორმა TUT.BY-ს პოლიტიკური მიმომხილველი არტემ შრაიბმანი.


რას საუბრობენ მთავრობებში


„ინტეგრაციის პროექტი მხოლოდ მაშინ გახდება ოფიციალური პროგრამა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტები მოაწერენ ხელს. სტატიაში გამოყენებული ყველა ტერმინი - კონფედერაცია, ფედერაცია და ა.შ. არის მხოლოდ ჟურნალისტური წარმოდგენები“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნატალია ეისმონტმა.


„რუსეთსა და ბელარუსს შორის მიმდინარე ნებისმიერი პროცესი უპირველესად დამოუკიდებლობის თეზისს ემყარება, ეს უმთავრესია! ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თითოეული სუბიექტისთვის ე.წ. წითელი ხაზია. ინტეგრაციის პროცესებში ჩვენ ვდგამთ ეკონომიკურად მისაღებ ნაბიჯებს, არანაირი ერთობლივი სახელმწიფო ორგანოები არ იქმნება. ამისთვის ქვეყნები მზად არ არიან“, - განაცხადა ეისმონტმა.


„კომერსანტის“ პუბლიკაციას კრემლშიც უპასუხეს. „ჯერჯერობით ინტეგრაციის გეგმა არ გამოქვეყნებულა, ასე რომ ყოველგვარი ინფორმაცია არის წინასწარი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.


სხვა სიახლეები