სოფლის მეურნეობა
 ზეთისხილი
„თითო ნერგის დარგვას 7-8 წამი სჭირდება“ - ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში. მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა ის, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას დღეს აკლია, თანამედროვე ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვაა, რაც აუცილებელი პირობაა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მოცულობის და ხარისხის გაზრდისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთისა და მარინადების წარმოებაა. გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები.წელს კომპანიამ საქართველოში თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრთველი ტექნიკა შემოიტანა, რომლითაც დამატებით კიდევ გაშენდა 100 ჰექტარამდე ზეთისხილის ბაღები. ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატი, რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს, მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტარამდე ბაღის გაშენება, რაც ამ ფართობზე 5-6 ათასი ნერგის დარგვას უზრუნველყოფს. ხოლო თითო ნერგის ჩარგვას მხოლოდ 7-8 წამი სჭირდება.შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. თავად კი ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში. „ახალ სეზონს შევხვდით ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს დარგვის ვადებს. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტარამდე ბაღის გაშენება, რომელიც დაახლოებით 5-6 ათას ნერგს მოიცავს. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოქმედება: ორმოს ამოღება, ნერგის დარგვა, დატკეპნა და მიწის მიყრა. შესაბამისად, არის ძალიან სწრაფი, თითო ნერგის დარგვას დაახლოებით 7-8 წამი სჭირდება.ჩამრგველი დანადგარი ინარჩუნებს მიწის ტენიანობას, რადგან ორმო ამოღებული დიდი ხნით არ რჩება“ - განაცხადა თორნიკე მარკოზაშვილმა, „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა

1715328475

1713947946

„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8837 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0829 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 მაისს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1715353176

მკურნალობა
I კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მკურნალობის მიზნით 15 200 ვიზიტი განხორციელდა

საქსტატის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 15 200 ვიზიტის მიზანი მკურნალობა იყო. 2024 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 521.6 ათასი შეადგინა. მათი უმეტესობის, 34.6%-ის მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო. საყიდლების მიზნით ვიზიტების 33.7% განხორციელდა, რასაც 16.3%-ით მოსდევს დასვენება, გართობა და რეკრეაცია.გამყვან ტურიზმზე დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, 5.1%-ით გაიზარდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 873.1 ლარი შეადგინა. კატეგორიების მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი, 38.8% საყიდლებზე მოდის. შესაბამისად, სამ თვეში საზღვარგარეთ საყიდლებზე 176.9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სხვადასხვა 1715345484

ლევან სილაგავა
ფერმერები 150 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან - ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის და ფქვილის მარაგები სტაბილიურადაა და სექტორი ახალი მოსავლის მოლოდინშია. „ამ ეტაპზე ფქვილის და ხორბლის მიმართულებით მსოფლიოში სტაბილურობაა და მარაგებიც სტაბილურადაა. საქართველოში ერთ თვეში ახალ მოსავალს ველოდებით. მუშაობს პროგრამა, რომელიც შემოტანილ ფქვილზე დამაბალანსებელ გადასახადს გულისხმობს.“- განაცხადა ლევან სილაგავამ.რაც შეეხება მოსავლის რაოდენობის პროგნოზს, სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 150 ათას ტონა ხორბლის  მოსავალს ელოდებიან.„ფერმერები 150 ათას ტონა ხორბლის  მოსავალს ელოდებიან, რაც მთლიანი მოხმარების 15-17% შეადგენს.“- აღნიშნა სილაგავამ.

ბიზნესი 1715345394

გაზპრომი
საქართველომ Gazprom-ისგან გაზის შესყიდვა გაზარდა

საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა, - ამის შესახებ საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის პირველ 3 თვეში საქართველომ რუსეთისგან 91 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. შედარებისთვის ამ მოცულობის რუსული ბუნებრივი აირი საქართველოს არცერთი წლის პირველ კვარტალში არ შეუძენია.რუსეთიდან იმპორტის მოცულობა საშუალოდ $25-30 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება გაიზარდა და ის 2022 წელს ჯერ 35 მილიონი დოლარი გახდა, 2023 წელს 75 მილიონი, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 91 მილიონი დოლარი (347 ათასი ტონა, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 49.5%, წილი მოცულობით კი 38%).პარალელურად, ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან 39%-ით შემცირდა და 93 მილიონი დოლარი და 556 ათასი ტონა შეადგინა. ამის შედეგად, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 51.5%, წილი მოცულობით კი 62% გახდა.საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს მაგისტრალური მილსადენის(NSGP) მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს (SCP), მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კიტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2023 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 21.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. 

ეკონომიკა 1715345294

„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება 
„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს.წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე  ფოტო პროექტია წარდგენილი. 14 მაისს 20:00 საათზე, ტეს-ში (დოდო აბაშიძის #10), გაიმართება ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია. დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ინფორმაცია გამოფენების, ლექციებისა და ვორქშოფების შესახებ იხილეთ www.kolga.ge-ზე.ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ტრადიციულად, უკვე 20 წელია, თბილისი ფოტო კვირეულის წარმდგენია თიბისი. 

ბიზნესი 1715340803

დემენციით დაავადებული
2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა, 139 მლნ ადამიანს მიაღწიოს

მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად უახლოეს ათწლეულებში დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. ინფორმაციას CNBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.WHO-ს მოხსენებაში წერია, რომ „როცა მსოფლიოში ხანდაზმულთა პოპულაცია ზრდას განაგრძობს, მოსალოდნელია, რომ დემენციით დაავადებულთა რიცხვიც გაიზრდება და 2050 წლისთვის, დაახლოებით, 139 მილიონ შემთხვევას მიაღწევს.“ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს შეძენილი დემენციით მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯებოდა, ხოლო 2050 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი გაორმაგდება და 2,1 მილიარდ კაცს მიაღწევს. WHO წერს, რომ ამჟამად დემენცია მსოფლიოში ხანდაზმულთა შორის სიკვდილის მეშვიდე, ხოლო ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში დემენციის, დაახლოებით, 10 მილიონი ახალი შემთხვევაა.ცნობისთვის: დემენცია არის სინდრომი, რომლის გამომწვევი რიგი დაავადებები თანდათან ანადგურებს ნერვულ უჯრედებსა და აზიანებს ტვინს, ასევე, ადამიანის შემეცნებით ფუნქციებს, კერძოდ, მეხსიერებას, აზროვნებას და ყოველდღიური საქმიანობის უნარს ამცირებს. დემენცია დროთა განმავლობაში პროგრესირებს და, ძირითადად, ხანდაზმულებს ემართებათ.

სხვადასხვა 1715339882