„ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება“ - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში

მიწა

სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები რიგ შემთხვევებში უარს ამბობენ სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე. მიზეზად ძირითადად ასახელებენ სოფლად წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასს. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხობენ, გადამყიდველები მათგან პროდუქციას იაფად ყიდულობენ და შემდეგ ძვირად ყიდიან.

ბაზრები, სადაც მათ ხელი მიუწვდება, მცირეა. ფერმერებს ზოგ შემთხვევებში პროდუქცია გასაყიდი რჩებათ ან იმაზე იაფად უწევთ გაყიდვა, ვიდრე საწარმოო ხარჯებია. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი კონკრეტული პროდუქციის მოყვანას წყვეტს.

„როდესაც ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება და ვერ ყიდის თავის პროდუქციას, ის მომავალ წელს არც ფულს ჩადებს და აღარც შრომას და ენერგიას დახარჯავს ანალოგიური პროდუქციის მოყვანისთვის“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული თავისთავად აისახება სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზეც. მაგალითად, 2001 წლის შემდეგ მინიმუმზეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში 39.6%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2011 წლიდან 2023 წლამდე 11%-დან 6.9%-მდე შემცირდა.

ქვეყანაში შემცირებულია სხვადასხვა კულტურის წარმოებაც. მაგალითად, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 6.5%-ით შემცირდა, ხოლო ქერის 26.9%-ით. გარდა ამისა, მცირდება ერთწლიანი კულტურების: ნიორი, კიტრი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვათა წარმოებაც. მნიშვნელოვნად, 22.2%-ით შემცირდა ყურძნის წარმოება და გასულ წელს 223.4 ათასი ტონას გაუტოლდა. შემცირებულია ნათესი ფართობები. კერძოდ, 2002 წელს თუ 215.7 ათას ჰექტარს მოიცავდა ნათესი ფართობები, 2023 წელს 205.2 ათასი ჰექტარი იყო.

ამ ყველაფრის ფონზე ბეჟიტაშვილი იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ფერმერებს აქვთ. მისი თქმით, საქართველოში მეურნეობები ძირითადად მცირე მასშტაბისაა. ქსელურ მარკეტებში მცირე ადგილია ადგილობრივად მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. მიზეზი არის ის, რომ მცირე მეურნეობების გამო, ფერმერები ქსელებისთვის არ არიან სტაბილური მიმწოდებლები. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მეურნეობები გაიზარდოს.

„რაც უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება მეურნეობა, მათ უკვე გაუადვილდებათ ურთიერთობა რითეილ სექტორთან, ექსპორტიორებთან და მათი პროდუქცია უფრო მარტივად გაიყიდება.

უნდა მოხდეს გამსხვილება ფერმერული მეურნეობების. საქართველო არც ისე მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელი ქვეყანაა. თუ იქნება მსხვილმასშტაბიანი მიწების კონსოლიდირება, არცერთი გოჯი მიწა არ უნდა იყოს დაუმუშავებელი“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.

როდესაც ვსაუბრობთ მეურნეობების გაზრდაზე, იკვეთება მიწის ფრაგმენტაციის პრობლემა. მიუხედავად რეგისტრაციის რამდენიმე ტალღისა, ფერმერების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სახნავ-სათესი მიწები რეგისტრირებული.

„მიწების ფრაგმენტაცია სანამ საქართველოში იქნება და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არ იფიქრებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არ მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, პრობლემა სულ იქნება“, - დასძინა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

დაბოლოს, როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.