• Ƀ/$

რუსეთ–თურქეთის შეთანხმების არქიტექტურა

23 ოქტომბერი 17:37 | ანალიტიკა

თურქეთი და რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ, რასაც ბევრი ანალიტიკოსი „პუტინის გამარჯვებად“ აფასებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის თურქული და რუსული ტექსტის ვერსიები ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა გააცნეს საზოგადოებას.


მემორანდუმის მიხედვით პუტინი და ერდოღანი თანხმდებიან შემდეგზე:


1.       ორივე მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ვალდებულებებს სირიის პოლიტიკური ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, აგრეთვე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე;


2.       მხარეები ხაზგასმით აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და მეთოდით სირიის ტერიტორიაზე სეპარატისტული მისწრაფებების აღსაკვეთად;


3.       ამ კონტექსტში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ არსებული სტატუს-ქვო შენარჩუნდება სირიის თალ-აბიადსა და რასულაინს შორის 32 კმ სიღრმეზე;


4.       ორივე მხარე ადასტურებს „ადანის შეთანხმების“ მნიშვნელობას და რუსეთი ხელს შეუწყობს ამ ხელშეკრულების განხორციელებას თანამედროვე პირობებში;


5.        2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 სთ-დან დაიწყება რუსეთის სამხედრო პოლიციის და სირიის სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფების განლაგება თურქეთ-სირიის საზღვარზე (სირიის მხარეს). ეს ძალები ხელს შეუწყობენ YPG-ის ფორმირებების გაყვანას უსაფრთხოების ზონიდან (30 კმ. სიღრმიდან). ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ 150 საათიანი შეჩერების შემდეგ რუსულ-თურქული ერთობლივი დანაყოფები საზღვრიდან 10 კმ-იან სიღრმეში დაიწყებენ პატრულირებას ქალაქ ქამიშლის გამოტოვებით.


6.       YPG-ს ძალები (მათი შეიარაღებით) გაყვანილი იქნება მანბიჯიდან და ტალ-რიფატადან.


7.        ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების შეღწევის თავიდან ასაცილებლად;


8.       განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების გასაადვილებლად;


9.       შეიქმნება ერთობლივი მონიტორინგისა და გადამოწმების მექანიზმი მემორანდუმის განხორციელების განხილვის და კოორდინირების მიზნით;


10.   ორივე მხარე გააგრძელებს მუშაობას სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე „ასტანის მექანიზმის“ ფარგლებში და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.


შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინმა და აღნიშნა, რომ ისინი თურქეთთნ ერთად გეგმავენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას სირიის სამშვიდობო პროცესების გასაუმჯობესებლად, სადაც თავად სირიელები ჩაერთვებიან საკონსტიტუციო კომიტეტის ფარგლებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები. პუტინის თქმით, იგი საჭიროდ თვლის გააგრძელოს დახმარება სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დასაბრუნებლად.


პუტინმა და ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ეროვნული ვალუტებში წარმოების შესახებაც ისაუბრეს.


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქული ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში ფაქტობრივად დასრულდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქურთული დანაყოფების გაყვანის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე.


თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია შეჩერდა, მაგრამ არ დასრულებულა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჯარი მზადაა იბრძოლოს ტერორისტების წინააღმდეგ.


„ტერორისტების გამოჩენის შემთხვევაში ჩვენი შეიარაღებული ძალები კვლავ ჩაებმებიან ბრძოლაში. ამჟამად დარჩენილია იარაღი, ნაღმები და ა.შ. - ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ამიტომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ბრძოლის ველზე. „მშვიდობის წყარომ“ დაამტკიცა, რომ თუ ხარ ძლიერი ადგილზე, მაშინ ძლიერი ხარ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამ ანტიტერორისტულმა ოპერაციამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ძალთა ბალანსი შეცვალა. სირიის ჩრდილოეთში ძირითადად ეთნიკურად არაბები ცხოვრობენ და სწორედ მათ უნდა მართონ ეს ტერიტორიები. ქურთები შესაძლოა იყვნენ ადგილობრივი ადმინისტრაციების ნაწილი“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.


ჩავუშოღლუს მტკიცებით, სირიის საკითხზე მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა აშშ-სთან და რუსეთთან ანკარის დიპლომატიური გამარჯვებაა, რადგან მათ ოპერაციის ლეგიტიმურობა ცნეს.


მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს ბაშარ ასადის რეჟიმთან.


ასადი ერდოღანს სდებს ბრალს


„თურქეთის პრეზიდენტმა სირია ნავთობისა და ხორბლისგან გაძარცვა, დაიკავა ალეპოს სიახლოვეს მდებარე ქარხნები და ახლა ჩვენი სახელმწიფოს გეოგრაფიული ნაწილის მითვისებაც სურს იქ არსებული ბუნებრივი რესურსებით“, - განაცხადა ბაშარ ასადმა.


პუტინმა ერდოღანთან მიღწეული შეთანხმებები ასადს გააცნო


სოჭში გამართულ რუსულ-თურქული მოლაპარაკებების შემდეგ, ვლადიმირ პუტინსა და ბაშარ ასადს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კონტაქტი რუსული მხარის ინიციატივით განხორციელდა.


სატელეფონო საუბრისას მხარეებმა, რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები გააცნო. პუტინმა ასადს აცნობა, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმება სირიის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობით მხოლოდ ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ფოკუსირდება.


თავის მხრივ ასადმა მხარი დაუჭირა მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ სირიის სასაზღვრო ძალები მზად არიან სამხედრო ოპერაციის ზონაში ერთობლივი პატრულირების საწარმოებლად.


პუტინის საუბარი ასადთან მას შემდეგ განხორციელდა, რაც ამ უკანასკნელმა ერდოღანი სირიის ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა.


ერდოღანი: ანკარა სირიის ტერიტორიით დაინტერესებული არ არის


„თურქეთი ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში სირიის ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებს. ოფიციალური დამასკოს ტერიტორიული და პოლიტიკური მთლიანობის შენარჩუნება არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ყურადღებით და ფრთხილად ვგეგმავთ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს და არ ვეხებით ადამიანების ტერიტორიებს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, წინა ორი ოპერაციის - „ევფრატის ფარის“ და „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში ტერორისტებისგან გაიწმინდა 4 000 კვ/კმ ტერიტორია და მშობლიურ მიწებზე საკუთარი ნებით დაბრუნდა 365 ათასი სირიელი.


პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკებები 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. აღნიშნული შეხვედრა მოსკოვის დროით 13:27 სთ-ზე დაიწყო.


ქურთები თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ზოლს ტოვებენ


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქურთულ შენაერთებს 23 ოქტომბრის 12:00 სთ-დან მომდევნო სამშაბათამდე, 29 ოქტომბრის დილის 06:00 სთ-მდე, აქვთ 150 საათიანი ვადა, რათა მათ 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა დატოვონ. ამის შემდეგ კი რუსეთ-თურქეთი ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე 10 კმ სიღრმეში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. თავის მხრივ YPG-მ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას განუცხადა, რომ მათ შეასრულეს აშშ-თურქეთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და დატოვეს უსაფრთხოების ზონა. ამის შესახებ ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF/YPG) სარდლის, გენერალ მაზლუმ აბდისგან მიიღო.


ერდოღანი აშშ-ს სირიის საკითხზე დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს


თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა ბოლომდე არ შეასრულა მისი დანაპირები სირიის საკითხთან დაკავშირებით. ერდოღანის თქმით, ანკარა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, არ წავა არანაირ კომპრომისზე და არ გაუხსნის გზებს ტერორისტულ ორგანიზაციებს.


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქურთული ძალების გაყვანის დროს 42 დარღვევა დაფიქსირდა.


17 ოქტომბერს, თურქეთი და ამერიკა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ხუთდღიან შეჩერებაზე შეთანხმდნენ, რათა ქურთულ „სახალხო თავდაცვის ძალებს“ (YPG) 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა დაეტოვებინათ.


ერდოღანი S-400-ების საკითხზე


„რუსეთსა და თურქეთს შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს S-400 საკითხზე თანამშრომლობა გრძელდება და ხორციელდება მიწოდების პროცედურები. თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და კვლავ გავაგრძელებთ ამ ქმედებებს“, - განაცხადა თურქმა ლიდერმა პუტინთან შეხვედრისას.


რუსული S-400-ების მიღება თურქეთმა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო და სექტემერში დასრულდა მიწოდების მეორე ეტაპი. სარაკეტო კომპლექსის სრულად გადაცემა 2020 წლის აპრილში დასრულდება.


აშშ-ის მიდგომა თურქულ ოპერაციასთან დაკავშირებით


პენტაგონის შეფი მარკ ესპერი ეჭვობს, რომ ანკარა სირიაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში უამრავი შემზარავი ფაქტი გავრცელდა მედიაში, სადაც თურქული მხარის ჩადენილი დანაშაულებია აღწერილი. ამ მიზნით მათ გამოძიება დაიწყეს და თუ ფაქტები დადასტურდება ისინი ოფიციალურად დასდებენ ბრალს ანკარას სამხედრო დანაშაულებში.


აქვე მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები ქურთების დასაცავად ნატოს მოკავშირესთან ომს არ აპირებს.


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, თუ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას განაახლებს, ამერიკა მზადაა მათ სანქციები დაუწესოს.


„ჩვენ მივესალმებით საომარი მოქმედებების შეჩერებას და ცეცხლის სრულად შეწყვეტის იმედი გვაქვს. ამასთან პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადყო, რომ თუ მოქმედებები კვლავ განახლდება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება დღისწესრიგში“, - განმარტა პენსმა.


ტრამპის პოზიცია


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა თურქეთის ბოლო მოქმედებები სირიასთან მიმართებაში.


„როგორც ჩანს, კარგი ამბები მოდის თურქეთიდან, სირიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან“, - ტაწერა ტრამპმა ტვიტერზე.


პესკოვი: აშშ-მ ქურთებს უღალატა


რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატები რამდენიმე წლის მანძილზე ქურთების უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა და შემდეგ მათ უღალატეს ამ ხალხს და მიატოვეს თურქებთან ბრძოლაში.


აღნიშნული მოჰყვა სირიის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაში უამრავი „ხვრელია“. მისი თქმით, კრემლმა „ბუნდოვანი“ ვალდებულებები აიღო და ეჭვი აქვს, რომ ხელშეკრულებით დათქმულ დროს მოახერხონ ქურთულმა დანაყოფებმა ტერიტორიების დატოვება.


ჩრდილოეთ სირიის განახლებული რუკა თურქულ-რუსული შეთანხმების შემდეგ


ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ორი ქვეყნის გაერთიანებული დანაყოფები ჩრდილოეთ სირიაში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ.


აღნიშნული პატრული განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ჯარაბულუსსა და ალ-მალიქიას შორის არსებულ რეგიონზე და სირია-თურქეთის სასაზღვრო ზონის გასწვრივ 10 კმ. სიღრმეში (დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე) შესვლის საშუალება ექნებათ.


ამ 10 კილომეტრიან სიღრმეში განლაგებული დემილიტარიზებული ზონა ასევე საშუალებას მისცემს სირიელ მესაზღვრეებს და რუსულ სამხედრო პოლიციას, მათაც განახორციელონ პატრულირება უზარმაზარ რეგიონში, რომელიც ალეპოდან ალ-ჰასაკამდე ტერიტორიას მოიცავს.


შეთანხმების მიხედვით, ქურთული დანაყოფები თურქეთის საზღვარს მინიმუმ 32 კილომეტრით დაშორდებიან და სირიის სამხრეთით გადაიწევიან. ეს შეიძლება არ იყოს იდეალური ვარიანტი SDF/YPG-სთვის, მაგრამ აღნიშნული შეაჩერებს თურქული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას.


გარდა ამისა, სირიის სამხედრო დანაყოფებს რამდენიმე წლის შემდეგ პირველად შეეძლებათ ჰქონდეთ წვდომა თურქეთის სასაზღვრო რეგიონის გასწვრივ რამდენიმე წერტილზე. აღნიშნული იყო ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც რუსულ მხარეს სურდა თურქებთან შეხვედრისას.


აქვე აღსანიშნავია, რომ მომხდარი გადაადგილებები სირიელ სამხედროებს იდლიბის ფრონტზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ჯიჰადისტების მთავარ პლაცდარმად იქცა.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები