• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

31 ოქტომბერი 15:47 | ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 31 ოქტომბერს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების კონფერენციას უმასპინძლა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.


სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. კობა გვენეტაძემ გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის და მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.


"ცენტრალურმა ბანკებმა და რეგულატორებმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგების პრინციპებისა და სხვა სტანდარტების შემუშავებით ხელი უნდა შეუწყონ მდგრადი დაფინანსების განვითარებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.


აღნიშნული კონფერენცია მეორე ღონისძიებაა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა IFC–თან თანამშრომლობით უმასპინძლა. 2018 წლის სექტემბრის პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საქართველოში მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2019 წლის აპრილში მდგრადი ფინანსების განვითარების გზამკვლევის გამოქვეყნება იყო.


მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების სიას, რომელთა განხორციელებაც მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. გზამკვლევი შექმნილია IFC/SBN-თან ახლო თანამშრომლობით და მისი მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის მოამზადებს. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა IFC-ის დახმარებით ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება განახორციელა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მსგავსი თემების კაპიტალის ბაზრების კორპორაციული მართვის კოდექსში ინტეგრაციისთვის.


სხვა სიახლეები