• Ƀ/$

სომხეთს რუსეთთან ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს

11 ნოემბერი 19:00 | ანალიტიკა

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა შესაძლოა ამ წელს პირველად ასცდეს $2 მლრდ-იან ნიშნულს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში, „მატენადარანში“, სომხეთის დიპლომატიური სკოლის ფუნქციონირების 10 წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე განაცხადა.


ლავროვის თქმით, ორმხრივი პროექტები ხორციელდება მრეწველობაში, ტრანსპორტში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო-საკრედიტო სფეროში და აქვე აღნიშნა, რომ ურთიერტობის განვითარების პერსპექტივები არსებობს IT სექტორში.


მინისტრმა ხაზი გაუსვა ინტერრეგიონალური თანამშრომლობის დინამიურ ხასიათს, რომელშიც შედის რუსეთის 70 და სომხეთის თითქმის ყველა რეგიონი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სპორტის და კულტურის კუთხით.


„რუსეთი მადლობას უხდის სომხეთს იმ ყურადღებისთვის, რომელსაც იგი რუსული ენის შენარჩუნებას და განვითრებას უთმობს. იმედი გვაქვს რომ ეს გაგრძელდება, რადგან სომხეთი კარგად იცნობს რუსულ კულტურას და ესმის ის ფაქტი, რომ წმინდა პრაქტიკული გაგებით რუსული ენა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ენის ცოდნა, როგორ ეთნოსთა შორის კომუნიკაციის საშუალება, ხაზს უსვამს ხალხის ცივილიზაციას“, - განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით სომეხ ხალხს, რომელთაც ანტიკური ისტორია, მდიდარი ტრადიციები და მაღალი დონის კულტურა გააჩნია.


სომხეთის პრეზიდენტმა ლავროვს უმასპინძლა


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი მიიღო და მასთან საპრეზიდენტო ინიციატივებზე ისაუბრა.


ერთ-ერთი მათგანია ინიციატივა ATOM, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს სომხეთში უახლესი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებას.


„პროგრამის მიზანია მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვა საინფორმაციო და ტექნოლოგიების სფეროში, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი ხელოვნური ინტელექტისა და მათემატიკური მოდელირების სეგმენტში. შესაბამისად, ველოდებით აქტიურ თანამშრომლობას რუსულ კომპანიებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი კონტაქტების გაფართოებას და ურთიერთობების განმტკიცებას.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის მიმომხილველი


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი