• Ƀ/$

თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან

6 იანვარი 16:37 | ანალიტიკა

ანკარამ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) მხარდასაჭერად, ამ ქვეყნის მიმართულებით სამხედრო ძალების გადასროლის პროცესი დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გუშინ, 5 იანვარს განაცხადა.


„ეს იქნება ოპერაციული ცენტრი, რომელსაც თურქი გენერალ-ლეიტენანტი უხელმძღვანელებს. ჩვენი ჯარისკაცების მისია კოორდინაცია იქნება. თურქი სამხედროები ლიბიურ პერსონალს გაწვრთნიან და მრჩევლების როლს მოირგებენ. თურქული დანაყოფები ბრძოლებში არ ჩაერთვებიან“, - განაცხადა ერდოღანმა.


ხუთშაბათს, 2 იანვარს, თურქეთის პარლამენტმა საგანგებო სესია გამართა, სადაც ანკარის მხრიდან ლიბიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.


ორშაბათს, 30 დეკემბერს, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტის სპიკერის ოფისს, ერდოღანის მიერ ხელმოწერილი, ლიბიაში სამხედრო ძალების გაგზავნის ნებართვის მემორანდუმი წარუდგინა.


მემორანდუმის მიხედვით ლიბიაში თურქული ძალების გაგზავნის დროსა და მათი განლაგების ადგილს პრეზიდენტი განსაზღვრავს, ერდოღანის მიერ დაწესებული პრინციპების დაცვით და რისეკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.


მემორანდუმში განმარტებულია, რომ სამანდატო პერიოდი ერთი წელი გაგრძელდება, თურქეთის კონსტიტუციის 92-ე მუხლის შესაბამისად. დოკუმენტის მიხედვით, ლიბიაში სამხედრო ძალების განლაგების უმთავრეს მოტივაციას, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ინტერესების დაცვა და უსაფრთხოების ზომების მიღება წარმოადგენს, რათა არ მოხდეს ამ ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ძალების გავლენის გავრცელება.


გარდა ამისა, ოფიციალური ანკარა მიზნად ისახავს ქვეყნისთვის პოტენციური რისკების შემცირებას, ეხება ეს მასობრივ მიგრაციას, ლიბიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ლეგიტიმური (GNA) მთავრობის მხარდაჭერას.


კატარული Al Jazeera GNA-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თურქეთმა ლიბიაში უკვე გადაისროლა სამხედრო ძალები, რომელთა შორის არიან საჰაერო თავდაცვისა და კავშირგაბმულობის ჩახშობის სპეციალისტები/ტექნიკოსები.


გასულ კვირას მეამბოხე გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა  თურქეთისგან მოსალოდნელი სამხედრო ნაბიჯების საპასუხოდ, ყველა ლიბიელს იარაღის აღებისკენ მოუწოდა.


„ვიღებთ გამოწვევას, ვაცხადებთ ჯიჰადს და ყველას შეიარაღებისკენ მოვუწოდებთ, რათა დავიცვათ ჩვენი მიწა და ღირსება“, - განაცხადა მან პარასკევს, 3 იანვარს.


ჰაფთარმა, რომელსაც თანამედროვე იარაღი და ავიაცია გააჩნია 2019 წელს დედაქალაქ ტრიპოლიზე დაიწყო შეტევები. მას მხარს უჭერს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საემიროები. მეამბოხე გენერალი რამდენჯერმე რუსეთშიც იმყოფებოდა და არსებობს ინფორმაცია, რომ იგი კრემლის მხარდაჭერითაც სარგებლობს, რასაც მოსკოვში ოფიციალურად უარყოფენ.


1912 წლამდე ლიბიის სამი ნაწილი - ქირენაიქა, ტრიპოლიტანია და ფეცანი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ლიბია რეგიონალური ძალების გადაკვეთის ახალი წერტილია


თურქეთი ლიბიაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად ემზადება?


ეგვიპტე ლიბიელ ამბოხებულებს მხარდაჭერას უცხადებს - არაბულ სამყაროში დაპირისპირებები გრძელდება


ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია


თურქეთმა ლიბიასთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი დაამტკიცა



სხვა სიახლეები