• Ƀ/$

ირანის შეტევა ერაყის ამერიკულ ბაზებზე

8 იანვარი 12:47 | ანალიტიკა

ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზა, სადაც შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ძალებია განთავსებული, ირანული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა.

ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნულს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის „პირველი საპასუხო ნაბიჯი“ უწოდა და „უამრავი მსხვერპლის“ შესახებ განაცხადა. ამერიკული და ერაყული წყაროების ცნობით შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავის მხრივ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ნორმის ფარგლებში“ მიმდინარეობს.


8 იანვარს, გამთენიისას, ირანმა ერაყის დასავლეთში მდებარე „ალ-ასადის“ და ჩრდილოეთში მდებარე ერბილის ავიაბაზების მიმართულებით 22 ერთეული ბალისტიკური რაკეტა ისროლა.


CNN-ის ამერიკული და ერაყული წყაროების ინფორმაციით, მსხვერპლთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის. ირანის სახელმწიფო ტელევიზია კი „80 ამერიკელი ტერორისტის“ დაღუპვის შესახებ იტყობინება და აქვე აცხადებენ, რომ ვერცერთი რაკეტის გადაჭერა შეძლო მოწინააღმდეგემ.


აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ შეტევა არის პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე. აქვე „გუშაგთა კორპუსში“ მხოლოდ ერთ ბაზაზე თავდასხმას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ამერიკელთა მხრიდან საპასუხო მოქმედების შემთხვევაში, ირანული მხარე მომდევნო იერიშს აშშ-ის მოკავშირეებზე, ამ ეტაპზე ისრაელზე მიიტანს, რომელსაც სოლეიმანის ლიკვიდაციის თანამონაწილედ აღიქვამენ.


თეთრი სახლის პრესმდივნის სტეფანი გრიშემის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მოვლენების განვითარებას დეტალურად აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებთან სრულ კოორდინაციაშია.


CNN-ის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმების შემდეგ მალევე, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი მარკ ესპერი თეთრ სახლს ესტუმრნენ.


მომხდარი თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ერაყის, ირანის, სპარსეთისა და ომანის ყურეების საჰაერო სივრცეებში ფრენები აკრძალა. ავიაკომპანიებმა Emirates Airline-მა და Flydubai-მ ბაღდადის მიმართულებით რეისები გააუქმეს.


დღეს, 8 იანვრის გამთენიისას თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილმა უკრაინულმა Boeing 737-800-მა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა სულ მცირე 170 ადამიანი, უმეტესობა ირანის მოქალაქე. არაბული გამოცემა Al-Hadath (იორდანია) ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა სავარაუდოდ რაკეტის შემთხვევითმა მოხვედრამ გამოიწვია, რასაც ირანის ხელისუფლება მკაცრად უარყოფს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

აშშ-ირანის დაძაბულობა: უკანასკნელი სიახლეები


ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანსა და ერაყში ფრენა აეკრძალათ


ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?



სხვა სიახლეები