• Ƀ/$

აშშ–ის ახალი ელჩი საქართველოშია – კელი დეგნანის გამოცდილება ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში

30 იანვარი 13:55 | ანალიტიკა

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ვაშინგტონს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს - კელი კოლინ დეგნანი (Kelly Colleen Degnan), რომელსაც საკმაოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.

განათლება


კელი დეგნანმა 1979 წელს ილინოისის შტატში, ევანსტონის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა (Northwestern University’s Medill School of Journalism) ბაკალავრის ხარისხით დაასრულა; 1983 წელს კი ლოს-ანჯელესში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის (University of Southern California Law Center) დოქტორის ხარისხი მიიღო.


კარიერა


სწავლის დასრულების შემდეგ იგი რამდენიმე წლის მანძილზე დასაქმებული იყო იურიდიულ სფეროში - ჯერ სან-ხოსეში (კალიფორნია) ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი პასადენაში (კალიფორნია) სამართლებრივ საქმეთა ასისტენტი „Jet Propulsion Laboratory“-ში. სანამ 1993 წელს საჯარო სექტორში გადაინაცვლებდა და მუშაობას სახელმწიფო დეპარტამენტში დაიწყებდა, კელი დეგნანმა 5 წელი წყნარი ოკეანის რეგიონში იმოგზაურა - მუშაობდა პალაუს რესპუბლიკის უზენაესს სასამართლოსა და მიკრონეზიის ფედერალური შტატების ჩუუკის შტატის (Chuuk State Legislature of the Federated States of Micronesia) საკანონმდებლო ორგანოში.


1993 წლიდან, აწ უკვე 27 წლიანი კარიერის მანძილზე იგი სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 1999-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე; 2004-2005 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში; 2012-2014 წლებში მუშაობდა კოსოვოში, პრიშტინაში მდებარე აშშ-ის საელჩოში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე (Deputy Chief of Mission – DCM); აღნიშნული მისიის სტრუქტურა 6 სააგენტოთი და 100 თანამშრომლით იყო დაკომპლექტებული; კოსოვოში გადასვლამდე 2009-2012 წლებში იგი მუშაობდა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში არსებულ აშშ-ის მისიაში, პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე; 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო დეპარტამენტში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილის (Secretary of State's staff as Deputy Executive Secretary) პოსტს იკავებდა; 2015-2019 წლებში იტალიასა და სან-მარინოში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა; ამ სახელმწიფოებში ყოფილი ელჩის ჯონ ფილიფსის კადენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის 18 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე, დროებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო ახალი ელჩის - ლუის ეისენბერგის დანიშვნის შემდეგ, ამავე საელჩოში დიპ.მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა, სადაც 2019 წლის ივლისამდე, კადენციის ამოწურვამდე იმუშავა.


საზღვარგარეთ იგი აგრეთვე მუშაობდა აღმოსავლეთ ავღანეთში, ხოსტში (Khost) დისლოცირებული ე.წ. Brigade Combat team “Salerno”-ს უფროს სამოქალაქო წარმომადგენლად (Senior Civilian Representative) და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე აშშ-ის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. დამატებით კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით მუშაობდა ბოტსვანაში, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცრის პოსტზე და პაკისტანში მდებარე აშშ-ის საკონსულოში მენეჯმენტის/პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე.


დამატებით აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში, მუშაობდა აშშ-ის ევროპული საზღვაო ძალების და აშშ-ის აფრიკული საზღვაო ძალების მეთაურის (Commander of United States Naval Forces Europe – United States Naval Forces Africa) პოლიტიკური მრჩევლის პოსტზე.


იგი ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ, ურდუს (პაკისტანი) ენებს. მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ათზე მეტი უმაღლესი ჯილდო. იტალიის მისიის დასრულების შემდეგ, ორი თვის შემდეგ, 2019 წლის 19 სექტემბერს ნომინირდა საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.


კელი დეგნანს ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროების მიმართულებით სიღრმისეული გამოცდილება გააჩნია.


ელჩად დანიშვნის ცერემონიალის დროს სიტყვით გამოსვლისას, დეგნანმა რუსეთს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი მეზობელი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მისია ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას დაეთმობა განსაკუთრებით დემოკრატიის, ვაჭრობისა (ეკონომიკა) და უსაფრთხოების (თავდაცვა) მიმართულებებით.


სიტყვით გამოსვლისას დამატებით ელჩმა საქართველოს არაერთხელ უწოდა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ხაზი გაუსვა ქართული დანაყოფების მნიშვნელობას ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში. აქვე მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ტრამპის "საუკუნის შეთანხმება" - რეგიონული გამოხმაურება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაზე


ამერიკული "საუკუნის შეთანხმება" - "მზის ქვეშ კუთვნილი ადგილი" ისრაელისთვის



სხვა სიახლეები