• Ƀ/$

თურქეთ-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები - იდლიბი, როგორც „გამყოფი წითელი ხაზი“

5 თებერვალი 13:09 | ანალიტიკა

2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენიმე სამხედრო კამპანია განახორციელეს იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში ამბოხებულთა უკანასკნელი  გამაგრებული ტერიტორიების დასაკავებლად.

აღნიშნულს 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის დევნილად გადაქცევა მოჰყვა.


ორშაბათიდან, 3 თებერვლიდან მოყოლებული, შეტევებმა კრიტიკული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალებმა რამდენიმე თურქი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლეს.


„შეტევებს უკვე არაერთჯერადი ხასიათი გააჩნია და ანკარა პრეტენზიებს გამოთქვამს მოსკოვის წინაშე, რადგან ეს უკანასკნელი ასადის ჯარებზე თურქების საპასუხო შეტევას ხელს უშლის და აფერხებს. ამ ეტაპზე სიტუცია მკვეთრად განსხვავებული და კრიტიკულია“, - განაცხადა საბანჩის უნივერსიტეტის სტამბოლის პოლიტიკის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა აჰმეთ ევინმა.


მოვლენათა ესკალაცია ანკარისა და მოსკოვის ურთიერთოებს საფრთხის ქვეშ აყენებს. სირიასა და ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტებისას ეს ორი მხარე საპირისპირო ძალებს უჭერს მხარს, მაგრამ ამავდროულად, ბოლო წლებში თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მზარდი იყო ენერგეტიკის, თავდაცვისა და სავაჭრო მიმართულებებით.


თურქი ჯარისკაცების დაღუპვა პრეზიდენტ ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის დღეს მოხდა, რომელმაც აღნიშნული სტუმრობა რუსეთთან დაკავშირებით გამოიყენა და მოსკოვს 2017 წლის ასტანის შეთანხმების შესრულება/პატივისცემისკენ მოუწოდა, სირიის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის გზაზე.


ზემოხსენებული შეთანხმება სირიაში, მათ შორის იდლიბის პროვინციაში „დეესკალაციის ზონების“ ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ოფიციალური ანკარის თქმით, ასადის ძალებმა დაარღვიეს.


სიტუაციის ბოლოდროინდელ გამწვავებამდეც, ერდოღანი აცხადებდა, რომ სირიის ჯარების წინსვლამ „ასტანას პროცესი“ ფაქტიურად უმოქმედოდ აქცია.


სიღრმისეული კავშირები


ანკარაში ბაზირებული პოლიტიკური ანალიტიკოსის ალი ბაკეერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები მყიფეა, მათ შორის იყო იმ დონის ურთიერთანამშრომლობა, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი გადაეჭრათ.


„ანკარასა და მოსკოვს შორის სიღრმისეული ურთიერთობები არსებობს და აქვთ საერთო ინტერესები მრავალი მიმართულებით. აქ იგულისხმება შავი ზღვის გაზსადენი და საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულება, რომელმაც ნატოს მოკავშირეთა შეშფოთება გამოიწვია.


როგორც ჩანს, ერდოღანსა და პუტინს „კარგი, პირადი ურთიერთობები აქვთ“ დამყარებული ერთმანეთთან და ერთმანეთს ხშირად ხვდებიან. შესაბამისად სამშაბათს, 4 თებერვალს სირიის საკითხზე სატელეფონო საუბარიც გამართეს.


სატელეფონო კავშირისას ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ თურქ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ერთობლივ სამშვიდობო ძალისხმევას და მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში თურქეთი ყოველთვის დაიცავს თავს.


სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრემლში აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა მიიღონ ის აუცილებელი ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს თურქეთ-რუსეთის კოორდინაციის გაუმჯობესებას სირიაში.


ორშაბათს, 3 თებერვალს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა. მეორე დღეს ანკარაში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ასტანას პროცესი“ და 2019 წლის სოჭის შეთანხმება სრულად არ გამქრალა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.


„ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, მოხდეს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და იმუშაოს საკონსტიტუციო კომისიამ. ამავდროულად მშვიდად ვერ შევხვდებით ჩვენზე განხორციელებულ შეტევებს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.


რეგიონული თანამშრომლობა


თურქულ-რუსულმა თანამშრომლობამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაშინ როდესაც ოქტომბერში მოსკოვის მედიაციით თურქეთმა ქურთული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა, როგორც ჩანს უკუსვლა განიცადა.


იდლიბში ამ ეტაპზე გამაგრებულები არიან ოპოზიციური ძალები. ამ ტერიტორიაზე დომინირებს ჰაიეთ თაჰრირ ალ-შამი, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან (ალ-ყაიდა) აფილირებული დანაყოფი, რომელიც რუსების მიერ მხარდაჭერილ ასადის სამთავრობო ძალებს ებრძვის. სირიის ჯარებს აგრეთვე წინააღმდეგობას უწევენ მებრძოლთა პრო-თურქული დაჯგუფებებიც.


2019 წელს რუსეთთან დადებული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთს იდლიბის ტერიტორიაზე 12 სადამკვირვებლო/საგუშაგო პუნქტი აქვს გახსნილი, რომელთა ნაწილი ამჟამად ასადის ძალებმა დაიკავეს.


თურქი ჯარისკაცები სარაქიბის სიახლოვეს დაიღუპნენ - ქალაქის, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი M4-სა და M5-ის მაგისტრალების შესართავთან, სადაც ანკარამ შაბათ-კვირას დამატებითი ძალები განათავსა.


თურქი სამხედროების დაღუპვის საპასუხოდ ანკარამ სირიის პოზიციებზე შეტევები განახორციელა, რომელსაც დაახლოებით 13 შეიარაღებული პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.


გარდა იმისა, რომ თურქეთი მის მომხრე მეამბოხეებს იცავს, ის აგრეთვე შეშფოთებულია ასობით ათასი დევნილი მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილებით, რომლებიც სირიის სამთავრობო ჯარების დაბომბვების საპასუხოდ თურქეთის საზღვრებისკენ დაიძრნენ.


ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 3,6 მლნ. სირიელი ლტოლვილი იმყოფება და ამ მასშტაბების ლტოლვილი საზოგადოების არსებობა თურქეთში შიდა განხილვების და დაპირისპირებების საფუძველს იწვევს.


„ანკარაში იციან, რომ იდლიბის დაცემას ლტოლვილთა ახალი ნაკადების წარმოშობა შეუძლია, რაც ერდოღანს დამატებით პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ქამალ ალამმა, დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სამხედრო ანალიტიკოსმა.


Syrian Observatory for Human Rights-ის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა სამშაბათს, 4 თებერვალს მასობრივად დაიძრა, მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ჯარები იდლიბს მიუახლოვდნენ და რუსულმა ავიაციამ დაბომბვები განახორციელა.


ბრიტანული war monitoring group-ის ინფორმაციით, მოსახლეობის უმეტესობა თურქეთის საზღვრებისკენ და ნაწილი ალეპოს პროვინციებისკენ გაიქცა, რომელიც აგრეთვე თურქეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება.


 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

თურქეთი იდლიბში სირიის რეჟიმის წინსვლას არ დაუშვებს


აშშ მხარს უჭერს თურქეთის მოქმედებებს სირიელი სამხედროების წინააღმდეგ



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი