პლანტველი: სავაჭრო ობიექტები იმპორტირებულ მარწყვს ქართულ პროდუქციად ყიდიან

ბიზნესი 1713357687
პლანტველი

სავაჭრო ობიექტები იმპორტირებულ პროდუქციას ქართულ ნაწარმად ყიდიან, -  ამის შესახებ ბიო მარწყვის სასათბურე მეურნეობა „პლანტველის“ დამფუძნებელმა და „მარწყვის ასოციაციის" თანადამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სავაჭრო ობიექტები იმპორტირებულ პროდუქციას მოგების დიდი მარჟის გამო ყიდიან და ქართულ პროდუქციას თაროებზე არ ათავსებენ.

„მხოლოდ თურქეთიდან 2023 წლის მონაცემით 3.5 მლნ. კილოგრამი მარწყვი შემოვიდა. იმპორტირებული მარწყვის დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზებას ხელს უშლის, რადგან საცალო ქსელები, დიდი მარკეტები ძირითად შემთხვევაში თურქულ მარწყვს ყიდიან ძალიან დიდი ფასნამატით და აწერენ ქართულ სახელწოდებას, რომ თითქოს წარმოებულია საქართველოში. არ აქვთ კონტროლი რეალიზაციაზე, რომ ადგილწარმოშობა ჰქონდეთ მითითებული და ამით სარგებლობენ. ანუ 2023 წელს 3.5 მლნ კილოგრამი იმპორტირებული მარწყვი გაიყიდა როგორც ქართული“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

როგორც „მარწყვის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს,  ფერმერთა ასოციაციების კავშირის გაერთიანებები პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნას აპირებენ, რათა მოხდეს პროდუქციის ეტიკეტირების კანონის აღსრულების მონიტორინგი.

„მაგალითად, „მარწყვის ასოციაციაში“ 2 წლის წინ 30 წევრი იყო, დღეს გვყავს -  17. ყოველ წელს უარესდება ეს მონაცემი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საგრანტო პროგრამა და ხელშეწყობაა. ფერმერთა ასოციაციების კავშირის გაერთიანებებმა დავწერეთ წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე და ამ დღეებში შევიტანთ მთავრობის ადმინისტრაციაში, რომ მოხდეს კანონის აღსრულება და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ეტიკეტირება.

„აგროჰაბმა“ ცოტა ხნით შეგვიშვა ქსელში და შემდეგ გამოგონილი არგუმენტებით გვითხრა უარი. „აგროჰაბი“ თურქულ და ზოგადად იმპორტირებულ პროდუქციას აწერს ქართულს. შემოდგომიდან დღემდე საქართველოში მარწყვის მოსავალი არ ყოფილა, თუმცა ყველა მარკეტში იყო მარწყვი და ეწერა ქართული“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მეურნეობა ნატახტარში მდებარეობს, "პლანტველი" ყოველწლიურად ბიოლოგიურად სერტიფიცირებულ მარწყვის მოსავალს აპრილიდან ნოემბრამდე 2.2 ჰექტარზე იღებს. დამფუძნებლის ცნობით, წელს „პლანტველი“ დაახლოებით, 70 ტონამდე მარწყვის მოსავალს ელოდება და ფასი წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის.