„ჭიაკოკონობის“ დროს კონტროლი გამკაცრდება - ჯარიმა 1 500 ლარია

ჭიაკოკონობა

გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ცნობით, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონდარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგებული ნივთიერებები და აირები; საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში. 

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.