„ირანულ და უზბეკურ მწვანილს კონკურენციას ვერ ვუწევთ“ - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

მწვანილი

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან მწვანილის ექსპორტის კლების ტენდენცია ფიქსირდება. მისი თქმით, ყოველწლიურად კლება 10-20%-ის ფარგლებშია. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე ქართული მწვანილზე მოთხოვნის კლებაა.

„ათი წლის წინ რა მოცულობაც იყო, ახლა იმის 40-50%-ია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი ბაზარი წლების განმავლობაში მხოლოდ რუსეთი იყო. რუსულ ბაზარზე კი ირანული და უზბეკური მწვანილი დაბალ ფასად შევიდა. შედეგად, მათ ქართული პროდუქცია ჩაანაცვლეს ფასის გამო, თუმცა ხარისხი ჩვენი უკეთესია. მიუხედავად ამისა, ჩვენ პოზიციები დავთმეთ. აქ ენერგომატარებლები და შესაფუთი მასალები უფრო ძვირია, მეწარმეებს აღარ უღირთ და ცდილობენ, ნაკლები აწარმოონ საექსპორტოდ“, - განმარტა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი მეწარმეები რუსეთის ბაზრების დივერსიფიცირებას ცდილობენ, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს პროცესი მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

„წელს, საკმაოდ დიდი მოცულობა წავიდა უკრაინაში. ევროპის მიმართულებითაც დაახლოებით 100 ტონამდე მწვანილი გავიდა. მათ შორის რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვაში“, - აღნიშნა მან და იმ ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისი მოსაზრებით, საქართველოდან მწვანილის ექსპორტს გაზრდის:

„ადგილობრივი წარმოების დონე უნდა ამაღლდეს და გაძლიერდეს, რათა კილოგრამის ფასი იყოს უფრო დაბალი. ასევე, მეურნეობების გამსხვილებას უნდა შეეწყოს ხელი, ვინაიდან, რაც უფრო მსხვილი იქნება მეურნეობა, მით უფრო მეტი წვდომა ექნება მწარმოებელს ფინანსებზე, რათა უფრო მეტად შეძლოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკურენცია გავუწიოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირანი და უზბეკეთი“, - მიიჩნევს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ირანელი მეწარმეებისთვის ამ კუთხით კონკურენციის გაწევა რთულია, ვინაიდან იქ ენერგომატარებლები გაცილებით იაფია, ამიტომაც წარმოების ხარჯიც დაბალია.

თუმცა, ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოსაც აქვს თავისი უპირატესობები: „ჩვენ ვართ როგორც ევროპის, ასევე დსთ-ის რეგიონის მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. დასავლეთის ქვეყნებზე იქნება სამუშაო და იქაური სპეციფიკა იქნება დასამუშავებელი, რათა ჩვენმა ფერმერებმა ამ მიმართულებითაც გაუშვან მწვანილი. ამასთან, შეფუთვის ხარისხი უნდა ამაღლდეს, სერტიფიცირებაც საჭიროა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ დასავლეთის მიმართულებით ექსპორტი გაძლიერდეს“.