როგორია მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველო

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. „საპატიო“ პირველ ადგილს კი სომხეთი იკავებს.

ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ქვეყნების დიდ ნაწილში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად მცირდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 11%-დან 6,9%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია 2020-2023 წლებში, როდესაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო. 

რამ განაპირობა ცვლილება და როგორია მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი?

საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის შემცირების მიზეზი არათუ კონკრეტულად ამ ეკონომიკური საქმიანობის გაუარესება, არამედ მისი როლის შესუსტება იყო სხვა საქმიანობათა შეორის. 2020-2023 წლებში მიმდინარე ფასებში გამოხატული მშპ დაახლოებით 30 მილიარდით გაიზარდა, მაგრამ ეს ძირითადად მოხერხდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და კომუნიკაცების GDP კატეგორიების ხარჯზე.

შედარებისთვის, მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 164 ქვეყნის მიხედვით 10,04 პროცენტია. მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილით საუკეთესო შედეგი ევროპაში ამ კუთხით ალბანეთს აქვს, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.

რეგიონში 8.4%-იანი სოფლის მეურნეობის წილით სომხეთი ლიდერობს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს - 2,9%. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული სომხეთშიც, მაგალითად, 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 18%-საც კი აღემატებოდა.

2023 წელს თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,28%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, მაშინ თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7,69%-ს შეადგენდა.

Statista-ს მონაცემების თანახმად, 2023 წელს სოფლის მეურნეობის წილი რუსეთის მშპ-ში 3.9% იყო. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ათწლიან პერიოდში პროცენტულად მისი წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (2012-2022 წლებში 1%-ით გაიზარდა). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს იყო - 4.01%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2023 წელს 5,5%-ს შეადგენდა.

საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 2023 წელს 6,9% შეადგინა. ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მცირემიწიანობა/მიწის ფრაგმენტაცია, რომელიც მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას აფერხებს. აქვე უნდა ვახსენოთ შრომის პროდუქტიულობის დაბალი დონე, სამეურნეო ტექნიკაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობის შემცირება (უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 76 ათასი ჰექტარით ნაკლები), დაბალი შრომის მწარმოებლურობა (ერთ დასაქმებულზე წარმოებული დამატებული ღირებულება), სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე, ნაკლებად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მიწოდების ლოჯისტიკას და ა.შ

ისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ზემოთხსენებული პრობლემების გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის საქართველოს უარყოფით საგარეო ვაჭრობის სალდო (საქონლით) – 9.480 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. იმპორტირებულ საქონელს შორის კი მნიშვნელოვანი წილი სწორედ საკვებ პროდუქტებს უკავიათ.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027) კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების შექმნას გულისხმობს და ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვებას 770 მლნ ლარამდე, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 1,300 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას ისახავს მიზნად. მეორე მიზანი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია გახლავთ. მესამე კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემებია.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და სოფლად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლების პროპორციული.