საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ყირგიზეთი გახდა - მაჩვენებელი 179.5%-ით გაიზარდა

ყირგიზეთის დროშა

საქართველოს ტოპ-ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი შეიცვალა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი გახდა. (შედარებისთვის, გასული თვეების განმავლობაში მთავარი ექსპორტიორი აზერბაიჯანი იყო).

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში 125 558 500 აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. მასზე მთელი ექსპორტის 15.6% მოდიოდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, მაჩვენებელი 179.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 44 922 900 აშშ დოლარი შეადგინა. 

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გავიდა. ჯამში, ექსპორტირებული იყო 44 922 900 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები.

რაც შეეხება, საქართველოს 10 მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას, 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

🔵 ყირგიზეთი - 125 558 500 აშშ დოლარი;

🔵 აზერბაიჯანი - 99 459 400 აშშ დოლარი;

🔵 რუსეთი - 96 810 500 აშშ დოლარი;

🔵 ყაზახეთი - 84 614 800 აშშ დოლარი;

🔵 სომხეთი - 78 795 000 აშშ დოლარი;

🔵 თურქეთი - 63 642 600 აშშ დოლარი;

🔵 ჩინეთი - 48 281 600 აშშ დოლარი;

🔵 უკრაინა - 18 755 200 აშშ დოლარი;

🔵 უზბეკეთი - 16 523 700 აშშ დოლარი;

🔵 შვეიცარია - 14 145 200 აშშ დოლარი.