ADB-იმ საქართველოსთვის 46.3 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა - რას მოხმარდება თანხა

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 46.3 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა. აღნიშნული სესხი ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ADB-ი დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული ამბულატორიული პაციენტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სერვისების საბიუჯეტო დაფინანსებას და გააუმჯობესებს სექტორის ოპერაციულ ეფექტიანობასა და ფინანსურ მდგრადობას.

„ეს პროგრამა წარმოადგენს ADB-ის ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ პაკეტს, რაც საქართველოში ჯანდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს არაგადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელი აქვს, მათ შორისაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სიმსივნე და დიაბეტი, რაც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად დაბერების შესაძლებლობას. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების გაძლიერება გააუმჯობესებს ამ დაავადებების მართვას, რომელთა უმრავლესობა შექცევადია.