„ასეთი ტექნოლოგია ისრაელს და თურქეთსაც არ აქვს“ – საქართველოში კიბოს მკურნალობის უნიკალური ცენტრი იხსნება

კიბოს სამკურნალო ცენტრი

პროტონული თერაპია, რომელიც საქართველოში, არსებული ინფორმაციით, 2025 წლიდან უნდა  ამოქმედდეს, ნიშნავს სიმსივნით დაავადებული უამრავი ადამიანის, პირველ რიგში კი ბავშვების გადარჩენას. ამის შესახებ „პინეოს“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა.

„საამაყოა და მადლობა ავტორებს, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს კეთდება ქუითაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. ძალიან საამაყოა, რომ ეს იქნება რეგიონში პირველად, დასავლეთ საქართველოში ჩვენს ქალაქში, სადაც პროტონული მედიცინის ცენტრი დაიწყებს მუშაობას,“ - განაცხადა კახა ნურალიძემ.

მისი თქმით, საუბარია ცენტრზე, რომელიც დღეს თურქეთს და ისრაელსაც არ აქვს. ასეთ პროექტს იწყებდა რუსეთიც, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მისთვის დასავლურ ტექნოლოგიებთან წვდომა შეუძლებელი გახდა და პროექტიც არ განხორციელებულა.

„ეს იყო ბატონი ბიძინას იდეა, მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს საკითხი დააყენა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბუნკერის მშენებოლბა დასრულებულია და მზადაა 2 ციკლოტრონი,“ -  განაცხადა კახა ნურალიძემ.

მისი განმარტებით, პროტონული მედიცინა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. „ციკლოტრონებში წარმოიქმნება პროტონები, შემდეგ არის ელექტრომაგნიტების სისტემა, რომელიც ქაოტურად მოძრავი პროტონებისგან აყალიბებს სხივს და მესამეა გენტრი, რომელშიც წევს პაციენტი. ეს გენტრი ბრუნავს 360 გრადუსით პაციენტის ირგვლივ და სპეციალური ტუბუსით პროტონული სკალპელი სიმსივნეს ფენა-ფენა ადებს რადიაციას და ყველა მხრიდან აფერადებს მას. საერთოდ არ ზიანდება ჯანსაღი ქსოვილი და ზიანდება მხოლოდ სიმსივნე. ესაა განსხვავება გამა-გამოსხივებისგან, რომელიც მოქმედებს როგორც მთელს სხეულზე, ისე აზიანებს სიმსივნეს. გამა გამოსხივების თავისებურება ბავშვებში ისაა, რომ ჩნდება მეორადი სიმსივნეები და აშშ-ში ესაა კატეგორიულად აკრძალული,“ - განაცხადა კახა ნურალიძემ.

მისი განმარტებით, სეანსი 2 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა წელიწადში 450 პაციენტზე მეტ პაციენტს ვერ ატარებს. მედპერსონალის შესაბამისი მომზადების  შემდეგ კი ქუთაისის ცენტრში შესაძლებელი გახდება 600 პაციენტის მომსახურება.

რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, ნურალიძის თქმით, პროტონული ცენტრის შექმნა 30 მილიონ დოლარამდე ჯდება, ადრე კი ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს აღწევდა.  მისი განცხადებით, აღნიშნული მეთოდით ყველაზე რთული სიმსივნეების მკურნალობაა შესაძლებელი.

„წარმოიდგინეთ გლიობლასტომა, რომლის ოპერირებაც შეუძლებელია, ან ძალიან აგრესიული სიმსივნეები, თვალბუდის სიმსივნეები, სადაც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ გარდა იმისა, რომ თვალი უნდა ამოვიღოთ, შემდეგ კი უნდა გაკეთდეს დასხივებები ძალიან ფრთხილად. შეიძლება ამ დროს დაიღუპოს პაციენტი და დაღუპულან კიდეც. ღრმად განლაგებულ სიმსივნეებზე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, 6 სანტიმეტრამდეა გამა-დასხივების მოქმედების დიაპაზონი, ხოლო პროტონს აქვს 4-იდან 40 სანტიმეტრამდე“, - აღნიშნა კახა ნურალიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა 11 ათასი ევრო დაჯდება. ამბობს, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა, ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო და ახლაც გრძელდება. საუბარია თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე. ამ ქვეყნების წარმომადგენლებს აინტერესებთ, ხომ არ დაიწყო უკვე ამ მეთოდით მკურნალობა, განსაკუთრებით დიდი ინტერესია ამ მეთოდით ბავშვების მკურნალობისადმი.

ამასთან, კახა ნურალიძის თქმით, ამ სიახლის დანერგვით განვითარდება სამედიცინო ტურიზმი და ეს საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფოს იმიჯთან, რადგან მსგავსი ცენტრი ისეთი განვითარებული სამედიცინო სექტორის მქონე ქვეყნებსაც კი არ აქვთ, როგორიც თურქეთი და ისრაელია.

შეგახსენებთ, რომ, არსებული გეგმებით, ქუთაისში, ციკლოტრონით სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა 2025 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება.ფონდ „ქართუს“ მონაცემებით, რომელიც პროექტის დამფინანსებელია, ორი ციკლოტრონიუკვე წელს ჩამოვა,  რის შემდეგაც მათი დატესტვა დაიწყება, 2025 წლის შუა პერიოდიდან კი ეს ულტრათანამედროვე აპარატურა პირველ პაციენტებს მოემსახურება.

ორი აპარატიდან ერთი კვლევებს, მეორე კი მკურნალობას დაეთმობა. ცნობილია, რომ ეს სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაიფარება, პედიატრიულ ნაწილში კი ის სრულიად უფასო იქნება. პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორ ციკლოტრონს ბელგიაში აწყობს. პროტონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და არა ჯანსაღი უჯრედები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

წყარო: jandacva.ge