აშშ-ის სენატმა რუსეთიდან ურანის იმპორტი აკრძალა

აშშ

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის განცხადებაში წერია.

სენატის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული ენერგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ქეთრინ ჰაფმა განაცხადა, რომ რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად აპირებს, დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებას მიაღწიოს, რომელიც ატომური ელექტროსადგურების საწვავად გამოიყენება. მისი თქმით, რუსეთის მიწოდებისგან თავის დასაღწევად შეერთებული შტატები იაპონიასთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან თანამშრომლობით მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვს შექმნის. 

აშშ-ში ბირთვული ენერგიის წილი 20%-ია. ბირთვული საწვავით დამოუკიდებლად უზრუნველყოფა ქვეყანას 30%-ით შეუძლია, ხოლო რუსეთიდან ამ საწვავის მიწოდება, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს.

2023 წლის დეკემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი რუსული წარმოშობის დაბალგამდიდრებული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ, რომელიც ძალაში 2040 წლამდე დარჩება. კანონპროექტი რუსეთში ან ამ ქვეყანაში რეგისტრირებული რომელიმე საწარმოს მიერ წარმოებული დაბალგამდიდრებული ურანის იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. ინიციატივა უფლებას აძლევს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანს, სახელმწიფო მდივანთან და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კონსულტაციით, ეს აკრძალვა გააუქმოს, თუ ურანის მიწოდების სხვა წყარო მიუწვდომელია ან თუ რუსული საწვავის იმპორტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, რუსეთიდან ქვეყანაში შესული გამდიდრებული ურანი საწვავად 90-ზე მეტი კომერციული რეაქტორისთვის გამოიყენება, რაც მას შეერთებული შტატებისთვის ნომერ პირველ უცხოურ მიმწოდებლად აქცევს.

ცნობისთვის: 29-30 აპრილს იტალიის ტურინში გამართულ შეხვედრაზე G7-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებენ და საწვავის მიწოდების დივერსიფიცირებულ ჯაჭვს შექმნიან, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ აღარ მოხვდება.