„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე მუშაობს.

პირდაპირი ფრენები „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

✈️„ჯორჯიან ეარვეისი“ ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს) მიმართულებით. ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.

✈️„ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს გერმანიის ქალაქებში: მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას და ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს. მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც.