რა უნდა გაითვალისწინოთ ევროპის ჩემპიონატის ბილეთების ყიდვისას

euro 2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/.

იმისთვის, რომ პორტალზე შეხვიდეთ, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. ამასთან, მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი. 

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად კი თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს.

რაც შეეხება ბილეთების კატეგორიას, ხელმისაწვდომი იქნება ოთხი:

  • პირველი კატეგორია - 200 ევრო
  • მეორე კატეგორია - 150 ევრო
  • მესამე კატეგორია - 60 ევრო
  • მეოთხე კატეგორია - 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard).

საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს, 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 22 ივნისს - ჰამბურგში ჩეხეთს, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, პორტუგალიას.