რამდენით ზრდის მთავრობა საპატრიარქოს დაფინანსებას?

საპატრიარქო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით, ეს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

კობახიძის განმარტებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას განისაზღვრა.

„საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება, 30 მილიონი იყო საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული საჭიროებები იყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, 5 მილიონი დავამატეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ ხმების მობილიზებას, პრემიერმა უპასუხა, რომ ამას „არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს, 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს ხმარდება და ეს დაფინანსება დამატებით, 5 მილიონით გაიზარდა.

ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, 50-ია დაახლოებით, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ასეთი ათეული დაწესებულებაა, მთლიანობაში 5 მილიონით მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.