როგორ აფასებს გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას და ვინ ლიდერობს მსოფლიოში

მოსახლეობა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წლევანდელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” ჩათვლით, 3.7 მლნ ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ UNFPA-ს ბოლო ანგარიშში წერია.

ასაკობრივი მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

🔵 15-64 წლის - მოსახლეობის 64%

🔵  0-14 წლის - 21%

🔵  10-24 წლის - 19%

🔵  65 წლის და უფროსი ასაკის - 15%

🔵  10-19 წლის - 13%
 
მთლიანი შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 2.0 ბავშვია. 2023 წელს დაბადებული ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსალონელი ხანგრძლივობა მამაკაცებში 69, ხოლო ქალებში 79 წელია. UNFPA მონაცემებით, საქართველოს მოსახლებოის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, არ იცვლება.

მსოფლიო ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთი ლიდერობს, სადაც ამჟამად 1,442 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მეორე ადგილზე 1,425 მლრდ მოსახლეობით ჩინეთია. ფონდი ინდოეთის მოსახლეობის ზრდას ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დედების სიკვდილიანობის კლებას უკავშირებს. კერძოდ, UNFPA-ის მონაცემებით, თუ 1990 წელს მსოფლიოში დედების სიკვდილიანობის 26%-ი ინდოეთში ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის 8%-მდე შემცირდა. მკვლევარები ამ პროგრესს „ჯანმრთელობის ხარისხის სერვისებზე დედების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“ უკავშირებენ.

რაც შეეხება ჩინეთს, გაეროს გათვლებით, ქვეყანამ დემოგრაფიულ პიკს 1,426 მლრდ ადამიანით 2022 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო. ჩინეთს ინდოეთის მოსახლეობა 2023 წლის აპრილის ბოლოს გაუტოლდა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ საუკუნის ბოლომდე ჩინეთის მოსახლეობა შესაძლოა, მილიარდს ჩასცდეს, ხოლო ინდოეთის მოსახლეობა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაიზრდება.