სოდის წარმოება/რეალიზაციაში არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დადგინდა - ჯარიმა 14 600 ლარზე მეტი

სოდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა, კერძოდ, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაადგინა.

როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნულისთვის, მოპასუხე მხარეს 14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. კერძოდ, მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე.

„სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ 5 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.