შვილად აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ მეუღლეებს, ან ჰეტეროსექსუალებს შეეძლებათ - მთავრობა ცვლილებებს გეგმავს

ბავშვი

ე.წ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მთავრობა 2 საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სულ დაინიცირდება ორი კონსტიტუციური კანონი: პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ოცდამეათე მუხლს, სადაც ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით: ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია და ამ კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილზე, ანუ, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონი თავის მხრივ, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.

კერძოდ, შეცვლილი მუხლები განიმარტება შემდეგნაირად:

მუხლი 1

  1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
  2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
  3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
  4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
  5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
  6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.