ავიაკომპანია Red Wings ინგლისურენოვან სახელს რუსული „რასვეტით“ შეიცვლის

Red Wings

Red Wings Airlines, რომელიც სანქცირებული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ნაწილია, რებრენდინგს გეგმავს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ბაზრის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, გადამზიდავის ახალი სახელი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ახალი ბრენდის მთავარ ვარიანტად „რასვეტი“ განიხილება.

ავიაკომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

რებრენდინგის პროფილური სააგენტო BrandLab-ის ექსპერტების ცნობით, რუსული სახელწოდებებისკენ მიბრუნების ტრენდი რუსეთიდან დასავლელი მოთამაშეების დიდი რაოდენობით წასვლის შემდეგ გამოიკვეთა. თავად Red Wings-ს რებრენდინგის პროფილური სააგენტოს მომსახურების ხარჯი შესაძლოა, 20 მლნ რუბლზე (212,000 დოლარზე), ხოლო მთლიანი ფლოტის ლივრეის შეცვლა 125 მლნ რუბლზე (1,3 მლნ დოლარზე) მეტი დაუჯდეს. ამდენად, ავიაკომპანიის მთლიანი რებრენდინგის ხარჯი შესაძლოა, 200 მლნ რუბლიდან (2,1 მლნ დოლარიდან) დაიწყოს და 1 მლრდ რუბლს (10,6 მლნ დოლარს) მიაღწიოს.

გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, რებრენდინგის გადაწყვეტილება ინგლისურენოვანი სახელისგან თავის დაღწევის სურვილით იყო გამოწვეული, რომელიც თავის დროზე ჩარტერული ფრენებისთვის შეირჩა.

Red Wings-ის სტრატეგია უცხოური თვითმფრინავების ეტაპობრივ ჩანაცვლებას გულისხმობს. 2022 წლიდან ავიაკომპანიამ თავისი Airbuses-ების ექსპლუატაცია შეწყვიტა. აჟამად მის ფლოტში სამი Boeing 777, ოცი ერთეული SSJ 100, სამი Tu-204 და ერთი Tu-214 შედის. 2023 წლის აგვისტოში Red Wings-მა სატვირთო გადამზიდავი, Sky Gates ორი თვითმფრინავით, „ილ-76“-ითა და „ილ-96“-ით შეიძინა.

კომპანია Friendly Avia Support-ში რუსეთის საავიაციო ბაზარზე სახელის გადარქმევის მასიურ ტალღას არ მოელიან, რადგან ამ გზით სანქციების გვერდის ავლა უკვე შეუძლებელია, რაც მანამდე ავიკაომპანია „პობედამ“ სახელ „დობროლეტის“ გადარქმევით შეძლო.

ცნობისთვის: Red Wings-მა საქართველოში ფრენები 2023 წლის 11 ივლისიდან დაიწყო.