გასულ წელს 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვადასხვა სტატუსით საქართველოში ცხოვრების ნებართვას ითხოვდა - ანგარიში

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები

საანგარიშო პერიოდში [2023 წელს], სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილ იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების შემცველ სარეკომენდაციო წერილებს გასცემდნენ.

ამასთან, განმარტავენ, რომ 2023 წელს ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე, სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობდა უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე, რის შესახებაც ინფორმირებულები იქნენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. 

„2023 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას, რაც საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით ხორციელდებოდა. საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭება/აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე. გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე, სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობდა უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე, რის შესახებაც ინფორმირებულები იქნენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების საკითხში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელშემწყობი პირების კავშირებისა და მათი შესაძლო უკანონო საქმიანობის გამოვლენის მიზნით. შედეგად, დადგენილ იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების შემცველ სარეკომენდაციო წერილებს გასცემდნენ. საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების მსურველთა შორის, სამსახურმა გამოავლინა პირები, რომლებიც ინტერპოლის ან ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდნენ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მათ შესახებ ინფორმაცია ეცნობა შესაბამის უწყებებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში განმარტავენ, რომ 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები.

„ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მოსახლეობის განწყობები, მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესები. ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესის სფეროში შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ნათქვამია,რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოსი მოქმედი ცალკეულ პირთა ჯგუფებისა და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების პერსპექტივებსა და გეგმებთან დაკავშირებით.

„საქართველოს გავლით სატრანზიტო პოტენციალის ზრდიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნესპროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები. ამასთან, სხვადასხვა ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოყენებით, უცხო ქვეყნები აგრძელებდნენ მუშაობას საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად. საანგარიშო პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებდნენ მათდამი ლოიალურად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ პირებს და პირთა ჯგუფებს, ჟურნალისტებს და კერძო კომპანიებს, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების გასანეიტრალებლად გატარებული ღონისძიებების შედეგად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.