1745654700
ხიზილალას იმპორტი მაქსიმუმზეა - საიდან და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში, 394.81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 33 ტონა ხიზილალა იყიდა, რაც 16 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.
საუბარია, ორ კატეგორიაზე: ზუთხის ხიზილალასა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელებზე, ორაგულის ხიზილალაზე (წითელი ხიზილალა).
შედარებისთვის, 2024 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 288.25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 20 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის 1-ელ სამ თვეში 17 ტონა (378.32 ათასი აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-მარტში - 8 ტონა (109.08 ათასი აშშ დოლარის) და ა.შ.
ამასთან, მიმდინარე წელს იმპორტირებული ამ პროდუქციიდან 33.06 ტონა (326.2 ათასი აშშ დოლარი) ხიზილალის შემცვლელებსა და ორაგულის ხიზილალაზე მოდის; ხოლო, 190 კგ (68.5 ათასი აშშ დოლარი) - ზუთხის ხიზილალაზე.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს 1 კგ იმპორტირებული ზუთხის ხიზილალას ფასი საშუალოდ 360.9 აშშ დოლარი იყო; ხიზილალის შემცვლელების, ორაგულის ხიზილალის (წითელი ხიზილალა) კი - 9.8 აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, წელს 3 თვეში ზუთხის ხიზილალა შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან:
- ჩინეთი - 150 კგ (48.3 ათასი აშშ დოლარი);
- იტალია - 30 კგ (16.7 ათასი აშშ დოლარი);
ასევე, მცირე მოცულობები საფრანგეთიდან და ლატვიიდან.
რაც შეეხება ხიზილალის შემცვლელებს და ორაგულის ხიზილალას (წითელი ხიზილალა), იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
- რუსეთი - 21.65 ტონა (194.18 ათასი აშშ დოლარი);
- ბელარუსი - 5.14 ტონა (42.11 ათასი აშშ დოლარი);
- ჩინეთი - 3.15 ტონა (69.62 ათასი აშშ დოლარი);
- ნორვეგია - 3 ტონ (14.22 ათასი აშშ დოლარი);
- გერმანია - 80 კგ (2.96 ათასი აშშ დოლარი).