მთავრობამ ბაკურიანში ბიატლონის ტრასის აშენება 6.8 მლნ ლარით გააიაფა

ბიატლონის ტრასა

მთავრობამ დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის აშენება 6.8 მლნ ლარით გააიაფა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო. მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.

ხელახლა ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 23 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში განცხადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9.746 მლნ ლარია (დღგ-ს ჩათვლით). 

დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის, სასროლეთის, ხელოვნური ნაგებობების, ელექტრო მომარაგებისა და ხელოვნური გათოვლიანების მანქანებისთვის წყალმომარაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია „გლობალ პროჯექთის“ მიერ არის მომზადებული.