რუსეთში დოლარის შედინება 1990-იანი წლების დონემდე დაეცა

დოლარი რუსეთში

რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოს წამყვანი ვალუტების მზარდ დეფიციტს განიცდის. მიზეზი დასავლეთის ფინანსური სანქციების გამკაცრებაა, რაც, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, უკვე ეროვნული საბანკო სისტემის 95%-ს შეეხო. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

კერძოდ, Alfa Bank-ის ანალიტიკოსები ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთმა დოლარსა და ევროში მხოლოდ 70 მლრდ დოლარის სავალუტო შემოსავალი მიიღო.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში რუსმა ექსპორტიორებმა საზღვარგარეთ 386 მლრდ დოლარის საქონელი გაიტანეს, ხოლო წლის ბოლოსთვის მარეგულირებელი საექსპორტო შემოსავლის სახით, დაახლოებით, 420 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა. თუმცა ამ მიწოდებიდან მხოლოდ 18% არის გადახდილი მსოფლიო ვაჭრობის ძირითად ვალუტაში, ანუ დოლარსა და ევროში, რომლებიც, SWIFT-ის მიხედვით, პლანეტაზე სავაჭრო ბრუნვის 70%-ს შეადგენს.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ნოემბრის მდგომარეობით ექსპორტის 43% რუბლით, ხოლო 38,6% „სხვა ვალუტაში“ იქნა გადახდილი, რომელთა შორისაც რუსეთისთვის მთავარი ჩინური იუანია.

მსოფლიო ძირითადი ვალუტების რუსეთში შედინება 1990-იანი წლების დონის ეკონომიკის საექსპორტო შემოსავალს შეესაბამება. კერძოდ, ცენტრალური ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1994 წელს ქვეყანაში შესული წამყვანი უცხოური ვალუტის ოდენობა 66,1 მლრდ დოლარს, 1998 წელს 73,7 მლრდ დოლარს, ხოლო 1999 წელს 69,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.

შედარებისთვის: უკრაინის ომის დაწყებამდე რუსული კომპანიების სავალუტო შემოსავლის 80%-ზე მეტი დოლარსა და ევროზე მოდიოდა, ხოლო 2021 წლის მდგომარეობით, მათი შედინება წელიწადში, დაახლოებით, 400 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რეალურად ექსპორტიორებმა გასულ წელს კიდევ უფრო ნაკლები, დაახლოებით, 50 მლრდ დოლარის ოდენობის ევრო და დოლარი მიიღეს, რადგან შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული სანქციების გამკაცრების გამო უცხოეთში „დაეკიდა.“ მაგალითად, ბოლო ძირითადი სახელმწიფო ბანკი, „გაზპრომბანკი,“ რომელსაც დოლარში ანგარიშსწორებასა და SWIFT სისტემაზე წვდომა ჰქონდა შენარჩუნებული, ნოემბერში ამერიკული შეზღუდვების ახალი რაუნდის ქვეშ მოექცა. მასთან ერთად „შავ სიაში“ კიდევ 50-მდე ბანკი მოხვდა, რომლებიც საგარეო ვაჭრობას ემსახურებოდნენ.

MoneyRoo-ს მონაცემებით, რუსულმა კომპანიებმა ყოველი მესამე დოლარი დაკარგეს, რომელიც ქვეყნიდან ექსპორტირებულ საქონელში უნდა მიეღოთ. მთლიანობაში, დაკარგულმა ოდენობამ, Alfa Bank-ის შეფასებით, დაახლოებით, 20 მლრდ დოლარი შეადგინა.

bpn.ge