საქართველო რუსეთში კონიაკის მთავარი იმპორტიორი, ხოლო აფხაზეთთან ერთად ღვინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია

კონიაკი

საქართველო, სომხეთთან ერთად, რუსეთში კონიაკის ძირითადი მიმწოდებელია და საფრანგეთსა და ესპანეთს უსწრებს. ამის შესახებ Rosalkogoltabakcontrol-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, 2023 წელს რუსეთში კონიაკის მთლიან მიწოდებაში სომხეთის წილი 61,7%, საქართველოს კი 22,5%-ია. ამ სასმლის იმპორტში საფრანგეთის წილი 7,4%, ხოლო ესპანეთის - 2,8% იყო.

რაც შეეხება ყურძნის ღვინის მიწოდებას, საქართველო და იტალია თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ, თუმცა წამყვან ხუთეულში Rosalkogoltabakcontrol-ი ცალკე ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთსაც ასახელებს. 

კერძოდ, 2023 წელს რუსეთში ყურძნის ღვინო შევიდა:

🔵 ესპანეთიდან - 17%

🔵 იტალიიდან -15,8%

🔵 საქართველოდან - 15,8%

🔵 პორტუგალიიდან - 13%

🔵 აფხაზეთიდან (საქართველო) - 10,4%

ამდენად, რუსეთში ყურძნის ღვინის მთლიან მიწოდებაში აფხაზეთთან ერთად საქართველოს წილი 26,2%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთლიანობაში, Rosalkogoltabakcontrol-ის მონაცემებით, რუსეთმა 2023 წელს ქვეყანაში 102 მლნ დეცილიტრი (დლ) ალკოჰოლური სასმელი შეიტანა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია. მათ შორის, ეტიკეტირებული ალკოჰოლის იმპორტი 5,4%-ით, 60 მლნ დლ-მდე, ხოლო უეტიკეტო ალკოჰოლის 8%-ით, 42 მლნ დლ-მდე გაიზარდა.

არაყი რუსეთში, ძირითადად, ბელარუსიდან შედიოდა, რამაც მთლიანი მიწოდების 85,9% შეადგინა. მისი იმპორტი, ასევე, ფინეთიდან (მიწოდების 3,9%), ყაზახეთიდან (3,1%), საფრანგეთიდან (2,9%) და შვედეთიდან (1,7%) ხდებოდა.

ვისკის მიწოდების ნახევარზე მეტი, ანუ 53,9% დიდი ბრიტანეთის წილია. აშშ-ის წილი მასში 13,8%-ს, ხოლო ირლანდიის 10,5%-ს შეადგენდა.

რუსეთში ცქრიალა ღვინის მთავარი მიმწოდებელი იტალიაა, რომლის წილმაც 70.8% შეადგინა, შემდეგი 13.4%-ით საფრანგეთი, ხოლო 8.3%-ით ესპანეთია. ლიქიორის ღვინოები რუსეთში ყველაზე მეტად უზბეკეთიდან (42,5%) და პორტუგალიიდან (34,1%) შევიდა.

ფერმენტირებულ სასმელებს შორის სიდრის ყველაზე დიდი პარტია რუსეთში ბელარუსიდან (68,8%) და დიდი ბრიტანეთიდან (10%), ასევე, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ბელგიიდან იქნა იმპორტირებული, ხოლო პუარეს (მსხლის სიდრის) ძირითადი მიმწოდებლები ესტონეთი (44%) და საფრანგეთი (31%) იყვნენ.

დაბალალკოჰოლური სასმელების 41.8% რუსეთში სერბეთმა, 30.8% იტალიამ, 18.2% ესპანეთმა, 8.3% აშშ-მა, ხოლო 1.1% იაპონიამ შეიტანა.

რაც შეეხება რუსეთიდან ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტს, ის 2023 წელს 36,6%-ით, 25,1 მლნ დეცილიტრამდე შემცირდა.