ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატება

ცხვარი

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.

2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.

თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.

ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:

ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
ირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
ისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
ურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
უელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
მონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
ახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზე
სავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.

ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.