ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ - სეს

ძროხა

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).

ჯილეხით ცხოველთა სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის მიღებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) და ისინი, რომლებსაც ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე უარი არ აქვთ ნათქვამი.

"ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.

კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.

გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს, ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1501.

დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2