„30 ლამბორგინი მყავდა და მილიონებს ვაკეთებდი“ - ისტორიაში პირველი ინტერვიუ მისცა ესკობარის პილოტმა, რომელიც 1988 წელს დააკავეს

მსოფლიო 1749283456
ტირსო დომინგესი

„30 ლამბორგინი მყავდა, კარგად მეცვა და ერთხელ როცა ჩემი მაისური ნახეს, ისეთი მანქანა მომიყვანეს, რომელიც მას უხდებოდა“, - აცხადებს პაბლო ესკობარის მოკავშირე პილოტი, ტირსო დომინგესი, რომელიც 1988 წელს დააკავეს და მას შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა, პოდკასტების სერია Cocain Air-ში.

Guardian-ის ინფორმაციით, ნარკობარონი დომინგესს, ერთი ფრენის სანაცვლოდ, 5 მლნ აშშ დოლარს უხდიდა, შესაბამისად, ყოველთვიურად 20 მლნ აშშ დოლარს, რაც დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარამდე გამოდის.

„სიმართლეს გეტყვით, პაბლო ესკობარი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა... სრულად ჩემი თავი ვიყავი, აქეთ-იქით დავდიოდი და მილიონებს ვაკეთებდი. რა არის ამაში ცუდი?

ნარკოტიკებს არასდროს ვამართლებდი. თაღლითობის მსხვერპლი ვიყავი, რამაც სინამდვილეში წამიყვანა იმ მიმართულებით, სადაც საბოლოოდ აღმოვჩნდი“, - ამბობს პილოტი.

პოდკასტის დასაწყისში დომინგესმა წაიკითხა ესკობარის ძმისა და ბუღალტრის, რობერტო ესკობარის მემუარი, რომელშიც ნახსენებია, რომ ტირსოს 30 თვითმფრინავისგან შემდგარი ფარეხი ჰქონდა და იგი პაბლოს ნარკოიმპერიის ერთ-ერთი მთავარი გადამზიდი იყო.

დომინგესი, რომელიც ახლა 73 წლისაა, 1988 წელს დააკავეს, 1991 წელს თავი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში 13 წელი გაატარა. მას და მის თანამშრომლებს, 1984 წლის ივლისიდან 1985 წლის დეკემბრამდე, ფლორიდაში 5 ტონაზე მეტი მარიხუანასა და კოკაინის უკანონოდ შეტანა წარუდგინეს ბრალად.

აღსანიშნავია, რომ პოდკასტების სერია Cocain Air-ის პრემიერა ოთხშაბათს შედგა და 23 ივლისამდე ახალი ეპიზოდების ყოველკვირეულად მოსმენა Apple-სა და Spotify-ზეც იქნება შესაძლებელი.