• Ƀ/$

საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 6,9%-ით შემცირდა

5 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი | ეკონომიკა

ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,9%-ით შემცირდა.

ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.


"მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 109.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 41,6 ათასი ტონა ანუ 71,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,9 ათასი ტონა, ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის სექტემბერში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 51,0 ათასი ტონა, ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ფაქტიურად არ განხორციელებულა", - ნათქვამია განცხადებაში.


მათივე ცნობით, სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი 23,3 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი 21,0 ათასი ტონა (19,2%), ბულგარეთი 14,8 ათასი ტონა (13,5%), თურქმენეთი 14,0 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი 5,8 ათასი ტონა (5,3%).


სხვა სიახლეები