• Ƀ/$

კრიპტოვალუტებიდან მომდინარე 5 ძირითადი საფრთხე

5 ოქტომბერი 18:13, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტები ანონიმურია, რაც ბევრ ფინანსურ ოპერაციას ამარტივებს. ნამდვილად მოსახერხებელია თუ არა ციფრული ფული, ამას DW-ს მასალიდან გავიგებთ.

ციფრული ფული, იგივე კიპტოვალუტა, ძალიან ჰგავს ტექსტურ ფაილს, შესაბამისი ტრანზაქციები კი თითქმის იგივე სირთულისაა, როგორიც ელექტრონული ფოსტით მეგობრისთვის წერილის გაგზავნა. კრიპტოვალუტის მფლობელებს ფულის გადარიცხვა პირდაპირ შეუძლიათ - ბანკებისა და სხვა შუამავლების გარეშე. ამისთვის მხოლოდ საფულის ნომრის ცოდნაა საჭირო. რაც შეეხება სახელსა და გვარს, ქვეყანას, ან ტელეფონის ნომერს – ამის ცოდნა აუცილებელი არ არის: კრიპტოვალუტების უმრავლესობა ანონიმურია. მაგალითად, ბიტკოინი, რომლის წილიც, CoinMarketCap-ის (Forbes-ის ანალოგი კრიპტოვალუტებისთვის) მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის 49%-ს შეადგენს, სწორედ ასე მუშაობს.


კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია დღეს 138 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ციფრული ფულის ათასზე მეტი სახეობა ფუნქციონირებს. თუმცა, არ ღირს მათში ნაჩქარევად ინვესტირება. საჭიროა რისკების სათანადოდ შეფასება. ჩვენ 5 ყველაზე დიდ საფრთხეს გამოვყოფთ.


კრიპტოვალუტების კურსის არასტაბილურობა:


კრიპტოვალუტას არ გააჩნია ერთიანი კურსი. მაგალითად, ბიტკოინის კურსი დღეში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. ზოგიერთი ადამიანი ამ დინამიკურ პროცესზე ფულის შოვნასაც ცდილობს: უნდა მოასწრო, რაც შეიძლება იაფად იყიდო კრიპტოვალუტა და შემდეგ ძვირად გაყიდო.


თუმცა, ვიდრე ციფრული ფულის გაყიდვა მიმდინარეობს, ის კურსს რამდენჯერმე იცვლის. ამიტომ, ამ ტიპის ბიზნესში ჩართული ადამიანები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ფინანსური ზარალისთვის. კრიპტოვალუტების უმრავლესობა დეცენტრალიზებულია. არ არსებობს ერთი ბანკი, რომელიც მთელ სისტემას გააკონტროლებდა. მათი კურსი მხოლოდ მომხმარებელთა ნდობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა ივლისში უმსხვილესი ბიტკოინბირჟა გატეხეს, მისი ფასი 2600-დან 1900 დოლარამდე დაეცა. კრიპტოვალუტისადმი ნდობა მყისიერად გაქრა. თუმცა, ჰაკერებმა არა თვით კრიპტოვალუტა, არამედ მომიჯნავე სისტემა გატეხეს.


ჟურნალ The Outline-ის რედაქციამ, რომელიც ციფრულ სამყაროზე მოგვითხრობს, ივარაუდა, რომ კრიპტოვალუტის კურსი მაშინ იზრდება, როდესაც მასზე საუბრობენ და წერენ. რედაქციის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ მისი კოლეგების უმრავლესობას, რომლებიც კრიპტოვალუტების თემას აშუქებენ, ბიტკოინებში აქვს ანგარიში. აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული სტატიების გამოქვეყნების შემდეგ კრიპტოვალუტების კურსი შეიძლება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ, თუ ბიტკოინზე საუბრები შეწყდება, შეიძლება ამ ვალუტამ ღირებულება დაკარგოს.


კრიპტოვალუტების სისტემებში არსებული შეცდომები:


მოქმედი კრიპტოვალუტები, მათ შორის ბიტკოინი, 2009 წელს გამოჩნდა. ამდენად, ყველა მათგანი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა. მაგალითად, აგვისტოში ბიტკოინი ორ დამოუკიდებელ კრიპტოვალუტად გაიყო – ბიტკოინად და ბიტკოინ ქეშად. ბიტკოინის სისტემით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, კრიპტოვალუტის გამტარუნარიანობა კი წამში 7 ტრანზაქციით შემოიფარგლება. მაგალითისთვის, Visa-ს და Mastercard-ის საგადამხდელო სისტემები წამში დაახლოებით 2000 ტრანზაქციას ატარებს.


ბევრმა მომხმარებელმა, ბიტკოინის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მის კოდში ჩარევა გადაწყვიტა. მომხმარებელთა მეორე ნაწილმა მისი არსებულ მდგომარეობაში დატოვება არჩია. სისტემის გართულება მაინერების გამოთვლით სიმძლავრეებზე მოთხოვნებს გაზრდიდა, რაც ნიშნავს, რომ ყველა ვეღარ შეძლებდა ბიტკოინის მოპოვებას.


სისტემაში ცვლილებები აღარ შევა მანამ, სანამ ამ დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის ყველა მომხმარებელი არ შეთანხმდება ცვლილების ხარისხზე. ვინაიდან ორ მხარიდან კომპრომისზე არცერთი არ წავიდა, ბიტკოინი ორ ნაწილად გაიყო. იგივე გზა გაიარა სხვა კრიპტოვალუტამაც – Ethereum. ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ეს ციფრული ვალუტაც ორ ნაწილად გაიყო.


ფინანსური ბუშტის ალბათობა:


ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (2013 წელი) რობერტ შილერი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი სპეკულაციური ბუშტის საუკეთესო მაგალითია. ამის შესახებ მან ინტერნეტრესურს Quartz-თან ინტერვიუში თქვა. ეს გამოცემა ტექნოლოგიებს, ინტერნეტსა და ბიზნესს აშუქებს.


ფინანსური ბუშტი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მცირე აქტივის უკან ძალიან დიდი ფული დგას, რის შედეგადაც ამ აქტივების გადაფასება ხდება. არსებობს ფინანსური ბუშტის ამოცნობის ლეგენდა (მას ხშირად უყვებიან უნივერსიტეტების ეკონომიკური განხრის სტუდენტებს). 1928 წელს, დიდი დეპრესიის დაწყებამდე, ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ბანკირმა თავისი ფეხსაცმლის მწმენდავისგან ასეთი შეკითხვა მოისმინა: „ღირს კი სარკინიგზო კომპანიის აქციების გაყიდვა?“ ბანკირის პასუხი უცნობი დარჩა, თუმცა ოფისში დაბრუნებისთანავე მან ამ კომპანიის ყველა აქციის გაყიდვის განკარგულება გასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ის გაკოტრდა. ბანკირმა მიიჩნია, რომ, თუ ფეხსაცმლის მწმენდავმაც შეიძინა ამ კომპანიის აქციები, მაშინ პროფესიონალმა ინვესტორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაგროვოს თავისი სახსრები.


ანონიმურობა არ ნიშნავს უსაფრთხოებას:


ჰაკერების, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრე ჯგუფებში კრიპტოვალუტა დიდი პოპულარობით სარგებლობს იმის გამო, რომ არ ჩანს, ვინ არის მისი მფლობელი. ამდენად, კრიპტოვალუტა ამარტივებს თანხების ბრუნვას კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. ჰაკერებმა აგვისტოში ტელეკომპანია HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოჰპარეს და მასში გამოსასყიდი მოითხოვეს. ისინი 6 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდნენ ბიტკოინებით. კრიპტოვალუტით ხშირად სარგებლობენ „დარკნეთის“ მომხმარებლები. ეს არის კერძო ქსელი, რომლის მომხმარებლებისთვის თვალყურის დევნება ძალიან რთულია, კავშირის არასტანდარტული პროტოკოლების გამო.


ანონიმურობის გამო ვერ დააბრუნებ დაკარგულ ბიტკოინებსაც. მაგალითად, პროგრამისტმა ჯეიმს ჰაუელსმა თავისი მყარი დისკი დაკარგა, რომელშიც 7500 ბიტკოინის მონაცემები ინახებოდა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინის სისტემა ანონიმურია, ჰაუელსმა ვერ დაამტკიცა, რომ დაკარგული ბიტკოინები მას ეკუთვნოდა. თუ ადამიანი თავის საიდუმლო გასაღებს დაკარგავს, სისტემა იმდენად დაცული და ანონიმურია, რომ შეუძლებელია მისი აღდგენა.


ჰაკერები და მათი ახალი ვირუსები:


ახალ ტექნოლოგიებს ახალი საფრთხეები და ვირუსები მოაქვს. ზოგიერთმა გაწაფულმა ჰაკერმა უკვე ისიც მოიფიქრა, როგორ უნდა იშოვოს ფული ბიტკოინებზე. გარდა იმისა, რომ ბიტკოინი-საფულის მოპარვა შესაძლებელია კომპიუტერის სისტემის სისუსტის გამო, ჰაკერები კრიპტოვალუტების მოპოვების ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ. „კასპერსკის ლაბორატორიამ“ განაცხადა, რომ არსებობს ვირუსი-მაინერები და ამით დაახლოებით 9000 კომპიუტერია დავირუსებული.


სხვა სიახლეები