• Ƀ/$

"სამი ხეობის კაშხალი" - 30 მილიონი ცხენის ძალის მქონე ჰესი

13 იანვარი 12:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიოში ზოგიერთი ნაგეობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარმატებით განხორციელებული არქიტექტურული პროექტი. ჩინეთში მდებარე "3 ხეობის კაშხალი" ერთ-ერთი მათთაგანია. მისი სიმძლავრე 30 მილიონი ცხენის ძალას უთანაბრდება. 

კაშხლის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. იდეა ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა. მაღალი ფასი და საჭირო ტექნოლოგიების უქონლობა ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. ამ პრობლემებს მალევე ქვეყანაში იაპონიის ჯარების შეჭრა მოჰყვა. ამის შემდეგ, ჩინეთის ბელადს, მაო ძედუნსაც ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა. მდინარე იანძის ადიდებამ ექსცენტრიულ დიქტატორს პოემა „მოცურავე“ დააწერინა. გადაწყვეტილება ჰეს–ის მშენებლობის დაწყების შესახებ 1980 წელს მიიღეს, წინასამშენებლო სამუშაოები 1992 წელს დაიწყო, უშუალოდ მშენებლობა – 1994 წელს. ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2003 წელს დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.  


ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში ყველაზე მძლავრია. მისი სიმძლავრე 22.5 გიგავატს აღწევს, რაც, მაგალითად, ენგურჰესს 17.3-ჯერ აღემატება, მშენებარე ნენსკაჰესისას კი 80-ჯერ. ეს 30 მილიონი ცხენის ძალაა. საპროექტო რესურსი 100 მილიარდი კვტ/სთ, რაც საქართველოს მთლიან ელექტროწარმოებას 8.5-ჯერ, ჰიდრორესურსით გამომუშავებულს კი 10.7-ჯერ. ჰესის სხვა პარამეტრებიც გასაოცარია:


·         სიმძლავრე: 22.5 გიგავატი - 30 მილიონი ცხენის ძალა;


·         საპროექტო გამომუშავება: 100 მილიარდი კვტ/სთ;


·         სარკის ფართობი: 1084 კმ2;


·         წყალსაცავის მოცულობა: 39.3 კმ3 – 39.3 მილიარდი ტონა;


·         წყლის ხარჯი წამში: 116 000 ტონა;


·         მშენებლობის დროს გამოყენებული ცემენტი: - 16 მილიონი ტონა;


·         მშენებლობის დროს გამოყენებული ფოლადი: - 463 ათასი ტონა;


·         ტერიტორიიდან გასახლებული ადამიანების რაოდენობა: 1.4 მილიონი;


·         ბიუჯეტი: 27 მილიარდი დოლარი.


ასეთი გასაოცარი ზომების კაშხალიც კი ყველაფერში პირველი არ არის. ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე იტაპუს კაშხალი წელიწადში 103 მილიარდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს და სარკის ფართობი 1350 კმ2-ს შეადგენს, თუმცა მისი დადგმული სიმძლავრე „მხოლოდ“ 14 გიგავატია. კაშხლის სიმაღლით კი ჩინური გიგანტი ენგურჰესს 85 მეტრით ჩამორჩება.


ჰესის გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია, შეიცვალა მიკროკლიმატი, თუმცა იმავე სიმძლავრის თბოსადგური გარემოს 100 მილიონი ტონა სითბური აირით დააბინძურებდა. ჰესით წარმოებული ელექტროენერგია განახლებად ენერგიის კატეგორიაში გადის, თავად ჰესი კი ეკოლოგიურად მიიჩნევა.


ქარის და მითუმეტეს მზის ენერგიის პოტენციალი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მსოფლიოს მოთხოვნა, მაგრამ საწყისი მაღალი ფასი ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება, წარმოების არასტაბილურობას ენერგიის შემნახველი აკუმოლატორები აბალანსებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ფასს კიდევ უფრო მეტად ზრდის. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ალტერნატიული ენერგიის ფასი თანდათან მცირდება.


მსოფლიოში ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი წიაღისეულიდან ან ბირთვული სადგურებიდან მოიპოვება. განახლებადი ენერგიით ელექტროენერგიის 80%-ზე მეტს სულ რამდენიმე ქვეყანა იღებს – საქართველო ერთ-ერთი მათგანია, რომელშიც 2016 წელს წარმოებული ელექტროენერგიის 81% განახლებადი წყაროებისგან იყო მიღებული. იგივე მაჩვენებელი ნორვეგიაში 99%-ს აღწევს, ისლანდიაში – 100 პროცენტს. საქართველოს აქვს საკმარისზე მეტი პოტენციალი, რათა ელექტროენერგიით შიდა მოხმარებაც დაიკმაყოფილოს და ექსპორტზეც გავიდეს.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე:


ჩერნობილში მზის ელექტროსადგური ააშენეს


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ბიომასა ქვანახშირის ნაცვლად


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი, წარმოების ზრდის ტემპს 13-ჯერ აჭარბებს


სხვა სიახლეები