• Ƀ/$

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა

19 იანვარი 12:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნიუ-იორკი. ესაა ქალაქი, რომლის მშპ მთელი რუსეთისას 35%-ით აღემატება; ქალაქი, რომელიც მსოფლიო მიზიდულობის ცენტრადაა ქცეული; ქალაქი, რომელშიც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს; ქალაქი, რომელიც არასდროს იძინებს. 

ნიუ-იორკი აშშ-ის ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის ადმინისტრაციული საზღვრები 8.5 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის, აგლომერაცია კი – 23 მილიონს.



ნიდერლანდელების მიერ დაარსებულ ქალაქს 1613-53 წლებში ახალი ამსტერდამი ერქვა, ბრძოლის შედეგად ქალაქი ბრიტანელებმა დაიკავეს და სახელიც შეუცვალეს. 1788-90 წლებში დედაქალაქის სტატუსითაც სარგებლობდა. ეკონომიკური აღმასვლა XIX საუკუნიდან იწყება. 1904 წელს ნიუ-იორკში მეტროს პირველი ხაზი გავიდა, მალევე ცათამბჯენების ეპოქა იწყება. „კრაისლერ ბილდინგისა“ და „ემპაია სტეიტ ბილდინგის“ მშენებლობა "დიდი დეპრესიის" დროს დასრულდა.


 


მართალია, გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს, მაგრამ მხოლოდ ეს შენობა ვერ აქცევს ქალაქს მსოფლიო დედაქალაქად. 800 ენაზე მოლაპარაკე მსოფლიოს დედაქალაქად ნიუ-იორკს მანჰეტენი, ბრუკლინი, უოლ სტრიტი აქცევს. ამ ქალაქის მცხოვრებთა 40% შეერთებული შტატების საზღვრებსგარეთაა დაბადებული. ამერიკული ოცნება ყველაზე ხშირად ნიუ-იორკში სრულდება.


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა უდიდესია მსოფლიოში. მასზე მოვაჭრე კომპანიების კაპიტალიზაცია 21 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ვაჭრობის მოცულობა კი წელიწადში 62 ტრილიონ დოლარს სცდება. ბირჟის დაარსების დღეს აშშ-ის სახელმწიფოებრიობის ისტორია მხოლოდ 15 წელს ითვლიდა. ამას შემდეგ მოჰყვა  სამოქალაქო ომი, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, დიდი დეპრესია, მაგრამ ბირჟა ყოველთვის მთავარ ფინანსურ ცენტრად რჩებოდა. დღესაც კი, როცა ვაჭრობა ელექტრონულადაც შესაძლებელია, მსხვილი ბროკერები მაინც უოლ სტრიტის 11 ნომერში მისვლას ამჯობინებენ. NYSE-ს პულსაციას Dow Jone-ის ინდექსი განსაზღვრავს, რომელიც დიდი დეპრესიის პერიოდში გაცილებით მკვეთრად დაეცა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს კი სარეკორდო ნიშნულზეა. ნიუ-იორკშივეა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაც, რომელზე მოვაჭრე კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია 7 ტრილიონს აღწევს.




დიდ ბირჟებზე მხოლოდ ერთეულები ვაჭრობენ. ნიუ-იორკში, კალიფორნიის შემდეგ, ტექნოლოგიები ყველაზე მეტადაა განვითარებული. ქალაქს შემოსავლები ტურიზმიდანაც აქვს. თავისუფლების ქანდაკებას, ჰუძონის ყურეს, მეტროპოლიტენ მუზეუმსა თუ ცათამბჯენებს წელიწადში 60 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავთ.





ნიუ-იორკის მშპ, უფრო სწორედ GMP (Gross Metropolitan Product) 1.735 ტრილიონ დოლარს აღწევს. ქალაქში ყველაზე ბევრი – 82 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონებაც, „ფორბსის“ მონაცემებით, 2017 წელს $398 მლრდ-ს აჭარბებდა, 100 მილიარდით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე გასულ ჰონკონგში. 340 000 მილიონერით კი პირველი ადგილი ლონდონს დაუთმო, სადაც მილიონერთა რიცხვი 17 000-ით მეტია, თავად კი მეორე ადგილს დასჯერდა.


ცათამბჯენების ქალაქში, სადაც 257 შენობის სიმაღლე 150 მეტრს აღემატება, გამწვანების პრობლემა არცთუ ისე დიდია. უამრავი მცირე ბაღისა და სკვერის გარდა, ნიუ-იორკში მდებარეობს central park-იც, რომლის ფართობი 341 ჰექტარია და ყოველწლიურად 35 მილიონი ტურისტი სტუმრობს.  




სხვა სიახლეები