• Ƀ/$

"ოკუპირებული ეკონომიკის" კონიუნქტურა და უპერსპექტივობა

ექსკლუზივი
31 იანვარი 09:56, 2018 წელი | ეკონომიკა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა. როგორია ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? M2B-მ  „ოკუპირებული ეკონომიკის მიღწევები“ შეისწავლა.

2015 წლის დე ფაქტო ოფიციალური მონაცემებით, „რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტიაში“ 53 532 კაცი ცხოვრობს. როგორც „რესპუბლიკის“ ერთადერთი დონორის, რუსეთის პრeსა წერს და ამას ირიბად რუსი ჩინოვნიკებიც აღიარებენ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს.


2015-2016 წლების მონაცემებით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე, ოკუპანტის მიერ „სახელმწიფოდ“ აღიარებული ტერიტორიის ეკონომიკური და სამრეწველო პოტენციალი „სახელმწიფო“ დაქვემდებარებაში არსებული 11 საწარმოსაგან შედგება. ესენია: ბაგიათას მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა, პოლიგრაფიული გაერტიანება, ელქტროვიბრომანქანის ქარხანა, იუგოლესპრომხოზი, ლუდისა და ხილის წვენების საწარმო (რომელშიც თავის დროზე ქართული მხარის კეთილი ნებით ინვესტიცია ჩადო „ყაზბეგის“ მფლობელმა გოგი თოფაძემ), ლენინგორის სატყეო საწარმო, ემალპროვოდი, ყორნისის სატყეო საწარმო, ჯავის სატყეო საწარმო, სატყეო კომბინატი ცხინვალში.


როგორც ოსი სეპარატისტების ე.წ. ოფიციალური სტატისტიკაშია მითითებული, აღნიშნული დაწესებულებების საერთო წარმოებამ 2012 წელს 112 მილიონი რუბლი (თითქმის $2 მლნ) შეადგინა.


რაც შეეხება კერძო სექტორს, ის ძირითადად ეგრეთ წოდებული ცეხებით არის წარმოდგენილი და მათი წლიური ბრუნვა არავის დაუთვლია.


ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის „ეკონომიკის“ მთავარი დონორი რუსეთია. საწარმოო პოტენციალის განვითარების მიზნით 2012 წელს რუსეთმა სეპარატისტებს 136 მილიონი რუბლი გადაურიცხა. 2016 წელს რუსული დოტაცია 8,2 მილიარდი რუბლი იყო.


როგორც რუსული პრესა წერს, 2017-2019 წლებში რუსული დოტაციის მოცულობა 4,6 მილიარდი რუბლი იქნება. თავად სეპარატსტების დე ფაქტო მთავრობაც აღიარებს, რომ რესბუბლიკის „სახელმწიფო“ ბიუჯეტის 90% რუსული დოტაციებისგან შედგება.


რუსული დოტაციებით ივსება სეპარატისტების საპენსიო ფონდიც. სოციალური პენსიის მინიმალური მოცულობა 2900 ($50), ხოლო მაქსიმალური 6740 რუბლია ($116). პენსიონერების რაოდენობა 4000 არ აჭარბებს და ისინი ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან.


საარსებო მინიმუმი 10 834 რუბლს ($187) შეადგენს.


სეპარატისტებს იმედი ქონდათ რომ  ბაქო-თბილისი-ჯიჰანის ნავთობსადენით, რომლის მცირე მონაკვეთი ოკუპირებლ ტერიტორიაზე გადის, ბიუჯეტს გარკვეულ თანხას შემატებდნენ, თუმცა მოლოდინი ამაო აღმოჩნდა.


სეპარატისტების იმედები ტურიზმსაც უკავშირდება, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები მიღწევა არც ამ მიმართულებით აქვთ. რუსული ტუროპერატორების ინფორმაციით, ტურისტების ინტერესი მინიმალურია – 50-100  ტურისტი თვეში ეს მაქსიმუმია.


კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სეპარატისტები აქცენტს აკეთებენ, სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც რეგიონზე გადის და სამხრეთ კავკასიას რუსეთთან როკის გვირაბის გავლით აკავშირებს. ცხინვალში იმედოვნებენ, რომ მალე ოფიციალურ თბილისს რუსულ-სოხური ინტერესების გათვალისწინება მოუწევს და როკის გვირაბის მიმართულებით ტრანზიტული გადაზიდვები დაიწყება.


2011 წელს რუსეთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთ–საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის მიმართულებებზე ფსოუსა და როკის გვირაბთან ტვირთების მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. გასული წლის 19 დეკემბერს ქართულმა მხარემ შვეიცარიულ SGS-თან „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, რუსული მხარე არ ჩქარობს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხარჯზე არ აპირებს. ასე რომ, გააფორმებს თუ არა რუსეთი SGS-თან შესაბამის ხელშეკრულებას, ჯერ უცნობია. შესაბამისად, უცნობია, რა პერსპექტივა აქვს გორი-ცხინვალი-როკის სატრანზიტო კორიდორს. დიდი ალბათობით, არანაირი.


სხვა სიახლეები