• Ƀ/$

შექმენი რობოტი ავატარი და მოიგე „Xპრაიზის“ $10 მლნ

18 მარტი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ორგანიზაცია „Xპრაიზ ფაუნდეიშნ“ ყოველთვის ისეთ პროექტებზე ატარებს კონკურსებს, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული.

ასე იყო კოსმოსური სუბორბიტული მრავალჯერადი ხომალდების კონკურსი, ამას მოჰყვა მინიმალური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების და მთვარეზე დასაჯდომი აპარატის, ოკეანის ჩაღვრილი ნავთობისგან გაწმენდის და სხვა გრანდიოზული პროექტები.


ახლახანს „Xპრაიზმა“ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოაყენა. მისი მიზანია რეალური რობოტული ავატარების შექმნა, რომელთა მართვაც შორ დისტანციაზე იქნება შესაძლებელი. ოდესმე ასეთ რობოტ-ავატარებს ფართოდ გამოიყენებენ ისეთ საქმეებში, რომლებიც ადამიანისთვის საშიშია. მაგალითად, სტიქიებისას და სამაშველო ოპერაციებისას. ასეთი რობოტი–ავატარები, დიდი ალბათობით, სამხედროებსაც დააინტერესებთ.


კონკურსის ოფიციალური სახელია „ANA ავატარ Xპრაიზ“ და მისი საპრიზო ფონდი $10 მლნ–ს შეადგენს. რობოტი–ავატარები ადამიანის ქმედებათა დუბლირებას ათასობით კილომეტრის დაშორებით შეძლებენ. ამ ფონდიდან გამარჯვებული გუნდი 8 მილიონ დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა უნდა შექმნან ისეთი ავატარები, რომლების მართვასაც იოლად შეძლებს ამ საქმეში უვარჯიშებელი ადამიანი. ამასთან, რობოტსა და მის ოპერატორს შორის მანძილი მინიმუმ 100 კილომეტრი მაინც უნდა იყოს.


რობოტის მეშვეობით ადამიანს უნდა შეეძლოს მის გარშემო არსებული სივრცის დათვალიერება, ხმების მოსმენა, შეხება და გარემოსთან ურთიერთობა. ავატარის მეშვეობით, მისი ოპერატორი თავს იმ ადგილზე უნდა გრძნობდეს, სადაც რობოტი იმყოფება.


„ამჟამად შეზღუდულები ვართ იმის შესაძლებლობაში, რომ დისტანციაზე შევძლოთ მანიპულირება, ან სწრაფად გადავლახოთ დიდი მანძილი, რათა სამაშველო, ან სხვა სახის ოპერაციების შესრულება შევძლოთ. „ANA ავატარ Xპრაიზის“ დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი ალტერნტივების შექმნა, რომლებიც არაერთ შეზღუდვას მოგვიხსნის და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად და ეფექტურად, შორეულ გეოგრაფიულ ადგილებში შევძლოთ საკუთარი უნარების გამოყენება“, - ამბობს „Xპრაიზის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი პეტერ დიამანტისი.


ავატარების კონკუსზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2018 წლის 31 ოქტომბერია. ამის შემდეგ, მონაწილეებმა საკუთარი საშეჯიბრო გეგმა 2019 წლის 31 იანვრამდე უნდა წარადგინონ. პროექტებს შორის შეჯიბრი ორ ეტაპად გაიმართება (2020 და 2021 წლების აპრილში). ჟიური გამარჯვებულ პროექტს 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადებს. თუმცა, როგორც ადრეც მომხდარა (ლუნარ Xპრაიზის შემთხვევაში), განრიგი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება შეიცვალოს კიდეც.


სხვა სიახლეები