• Ƀ/$

ლევან კობიაშვილი ქართული ფეხბურთის ფინანსური და ინსტიტუციური გამოწვევების შესახებ

ექსკლუზივი
18 აპრილი 17:30, 2018 წელი | ინტერვიუ

ქართული ფეხბურთის ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივები, რა მომავალი გვაქვს მსოფლიო საფეხბურთო ბაზარზე ან რა გეგმები აქვს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამის შესახებ ლევან კობიაშვილი M2B-თან საუბრობს.

- ყოველწლიურად ქართულ ფეხბურთზე 37 მილიონი ლარი იხარჯება, შედეგი კი არ ჩანს. FIFA-ს რეიტინგში სტაბილურად ვინარჩუნებთ პოზიციას მეორე ასეულში. მიზეზი რა არის და რა ცვლილებებია საჭირო?


ლევან კობიაშვილი - არ მგონია, ამ ყველაფერს ფიფას რეიტინგთან კავშირი ჰქონდეს, რადგან 37 მილიონი კლუბების დაფინანსებაა და შესაბამისად ნაკრების რეიტინგისა თუ შედეგისთვის პირდაპირი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. ამის მიუხედავად მგონია, რომ თუნდაც ფიფას რეიტინგში დღეს სადაც ვიმყოფებით, გაცილებით უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე წლების წინ. სასურველია უფრო ზემოთ ვიყოთ, თუმცა რეიტინგი სხვა კუთხითაა შედგენილი და რამდენად განსაზღრავს გუნდების შესაძლებლობებს, ეს ცალკე თემაა. მაგალითისთვის გეტყვით - ორი წლის წინ, როცა ესპანეთს მოვუგეთ, სამეულში იყო და ფიფას რეიტინგში ჩვენ დაახლოებით 140-ე ადგილს ვიკავებდით. ფიფას რეიტინგი გუნდების სიძლიერეს არ განსაზრვრავს.


- საფეხბურთო სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობაზე რას გვეტყვით?


ლევან კობიაშვილი - ფეხბურთში რა თანხები იხარჯება, ეს საჯაროდ რომ ვიცით და პროცესი გამჭვირვალეა, კარგია, რადგან ყველამ უნდა იცოდეს ბიუჯეტიდან სად მიდის თანხა. წლების წინ კლუბმა არასდროს იცოდა მთელი წლის განმავლობაში რა ბიუჯეტი ჰქონდა. თავიდან სხვა თანხას უმტკიცებდნენ და შემდეგ დამატებას ჰპირდებოდნენ. თუ კლუბმა არ იცის, მომდევნო წლებში რა თანხებთან ექნება შეხება, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერასდროს ვერაფერს დაგეგმავს. ახალი პროგრამის წყალობით ყველაფერი სხვაგვარადაა. კლუბებმა თავის შედეგიდან გამომდინარე, იციან, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში რა თანხებთან ექნებათ წვდომა. განვითარებისთვის ასეთი სტაბილურობა მნიშვნელოვანია.


- წლების წინ რა თანხებზე იყო საუბარი?


ლევან კობიაშვილი - წლების წინაც იხარჯებოდა თანხები, რაც დღეს იხარჯება, უბრალოდ ისე, რომ არავინ იცოდა, სად რამდენი ნაწილდებოდა. პროგრამამ კი, რომელიც განვახორციელეთ, პროცესი გამჭვირვალე გახადა და ყველამ იცის, რომელი კლუბი რა თანხას იღებს. წლების წინ ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების კეთილ ნებაზე წყდებოდა. თუ რომელიმე მუნიციპალიტეტის მაშინდელ მერს ან გამგებელს ფეხბურთის რომელიმე გუნდი მოსწონდა, გარკვეულ თანხას მისცემდა, სხვას კი მასზე ნაკლებს. დღეს ასე აღარ ხდება და თანხები კლუბებზე შედეგიდან გამომდინარე ნაწილდება.


ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე როგორი მზარდია, ამას თუ გადავხედავთ, 37  მილიონი მიზერულია. რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ამაზე ხმამაღლა საუბარი, არასწორი იქნებოდა. ამიტომ, ფაქტია, დამატებითი სახსრები უნდა მოვიზიდოთ, რომ რეიტინგთან დაკავშირებული შეკითხვები აღარ არსებობდეს. ამისთვის წარმატება გვჭირდება, რაც სამომავლოა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ამ წარმატებას მივაღწევთ.


- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ფულით კლუბების დაფინანსება, როცა მათ არც ევროპულ ტურნირებში აქვთ რაიმე წარმატება და საქართველოშიც მატჩები უმეტესიწილად ცარიელ ტრიბუნებზე ტარდება. 


ლევან კობიაშვილი - ჩემი პირადი დამოკიდებულება ისაა, რომ მუნიციპალური გუნდი არ უნდა იყოს, რადგან ფეხბურთისთვის კარგი არაა და შესაბამისად, ადრე თუ გვიან, მიზანი ის უნდა იყოს, რომ ყველა კლუბი თავის დაფინანსებაზე გადავიდეს. ბევრი მუნიციპალური გუნდი გვყავს, გარკვეული პოზიტივებიც გვაქვს იმ კუთხით, რომ რამდენიმე მუნიციპალური გუნდი გაკერძოვდა და მფლობელებისგან დამატებითი ინვესტიციები შემოვიდა, თუმცა საერთო ჯამში ვისურვებდი, რომ ტემპი გაიზაროს და რაც შეიძლება მალე, ყველა გუნდი კერძო გახდეს.


რაც შეეხება დაფინანსებას, გადამხდელების ფულით ამ პროცესის მომხრე არც მე ვარ და ჩემი სურვილია, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ოდესღაც ყველაფერი უნდა დასრულდეს და კლუბების დაფინანსება ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო და პროგრამაც ამუშავებულია. იმასაც უნდა შევხედოთ, რომ ფეხბურთი ზოგადად და თუნდაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ყველაზე დიდ თანხას იხდის ბიუჯეტში. დედაქალაქში ხშირად ვსაუბრობთ, ფეხბურთში ფულს რატომ ვიხდით. ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, გორში, ფხბურთი უყვართ, სჭირდება და თამაშებზე დადიან კიდეც, რადგან იქ ადამიანები მათი გუნდით ცხოვრობენ. დედაქალაქში კი ეს დამოკიდებულება ნაკლებად იგრძნობა. ფეხბურთი ქვეყნის ეკონომიკურსა და სოციალურ მდგომარეობაზეა მიბმული. კლუბის შემოსავალი რა არის? ბილეთების გაყიდვა, რომელიც ჩვენთან ნულის ტოლფასია. არის ასევე სატელევიზიო შემოსავლები, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს და ჩემპიონატის გაშუქებაში ჩვენ ვიხდით ფულს. სასპონსორო ხელშეკრულებები და თანხები დღეის მოცემულობით მიზერულია. არსებობს კიდევ სატრანსფერო თანხები, რომელიც ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში კლუბში შემოდის. ეს ის წყაროებია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთან, ევროპის ნებისმიერი მაღალი დონის გუნდების შემოსავლებია. ჩვენთან კი კლუბში ფულის შემომტანი არც ერთი კომპონენტი არაა. ხალხს ფული უნდა გაუჩნდეს, რომ ბილეთი შეიძინოს, ტელევიზიებს ტრანსლაციაში თანხის გადახდის საშუალება უნდა ჰქონდეს. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთის კი არა, გლობალური პრობლემაა. ჩვენს ქვყანაში სპორტის სხვა ნებისმიერი სახეობა ანალოგიურ და უარეს მდგომარეობაშია.


- მაგალითად?


ლევან კობიაშვილი - მაგალითად რაგბი, რომელიც წარმატებულია, თუმცა სანაკრებო დონეზე. შიდა ჩემპიონატში რა ხდება? იქაც პრობლემაა - დაფინანსება ფაქტობრივად არ აქვს, მაყურებელი თამაშებზე არ დადის... დღეის მოცემულობით ფეხბურთს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებს, რადგან სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფეხბურთზე უფრო მეტი მაყურებელი დადის, მეტი დაფინანსებაც აქვს და შუქდება კიდეც. რაღაც ეტაპზე შიდა ჩემპიონატზე შეიძლება ცოტა წინ ვართ, მაგრამ ეს ის არაა, რაც ყველას გვინდა.


- დამოუკიდებელი საქართველო ერთხელაც ვერ მოხვდა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. იყო პერიოდი, როდესაც ინდივიდუალური წარმატებები მაინც გვქონდა – თქვენ შალკეში ასპარეზობდით, კალაძე მილანში, ქინქლაძე სიტიში. დღეს ეს უპირატესობაც დავკარგეთ. რატომ?


ლევან კობიაშვილი - იმ პერიოდში ევროპაში სათამაშოდ წასვლა გაცილებით მარტივი იყო. წასვლა ერთია, მაგრამ თავის დამკვიდრება და ძლიერ გუნდში გადასვლა, სხვა საკითხია. 15-20 წლის წინ გერმანიას შიდა საფეხბურთო სტრუქტურა ისე განვითარებული არ ჰქონდა, როგორც დღეს აქვს. სატრანსფერო ღირებულებები არ იყო მაღალი და საქართველოსნაირი ქვეყნებიდან ნიჭიერ ფეხბურთელებს ყოველთვის ეძებდნენ. წლების შემდეგ განვითარებულმა ქვეყნებმა ხაზი ჩაკეტეს და ინვესტიციები საკუთარ აკადემიებზე, თავის გაზრდილ ფეხბურთელებზე დახარჯეს. ჩვენი ფეხბურთელები უცხოეთში ნაკლებად რომ მიდიან, ამ ფაქტორმაც იმოქმედა. შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ კლუბებში გვყავდა, მაგრამ როგორც გუნდი, ალბათ ისე არ იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც შეეძლო სტაბილურად ეთამაშა და ჩემპიონატებზე მიეღო მონაწილეობა. გუნდში ბალანსი თუ არ იყო, ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გავიდეს, ამას ერთი ფეხბურთელი ნამდვილად ვერ გადაჭრის. ჩვენი ფეხბურთელები სადაც იყვნენ, იქ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც კი ერთად მოუწიათ თამაში, პრობლემები, სტაბილურობის დეფიციტი ჩნდებოდა. ესპანეთისა და ხორვატიის გარდა ბევრი სხვა თამაში შემიძლია ჩამოვთვალო, სადაც ჩვენზე ძლიერ გუნდებთან მოგვიგია, მაგრამ იმ თამაშების ჩამოთვლაც ისევე შემიძლია, როცა ჩვენზე სუსტ გუნდებთან წავაგეთ. შეიძლება დღეს ტოპ-გუნდებში არ გვყავს ფეხბურთელები, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც სადაც თამაშობენ, სტაბილურობას ინარჩუნებენ და რასაც ვამჩნევ გუნდი იზრდება და არა, როგორც ცალკეული ინდივიდები.


- ბავშვები გარკვეულ ეტაპამდე რაღაც ტიპის წარმატებას აღწევენ, თუმცა მადლი დიდი უმრავლესობის საბოლოოდ პროფესიონალად ჩამოყალიბება ვეღარ ხერხდება. რისი ბრალია ეს?


ლევან კობიაშვილი - ამას ბევრი მიზეზი აქვს და კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ. ამ საკითხისადმი მშობლის სწორად მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. უმრავლესობას ჰგონია, რომ მასზე მაგარი შვილი არავის ჰყავს. თვითკმაყოფილება ცუდი შეგრძნებაა. ბავშვი საკუთარ თავს ყოველთვის მეტს უნდა სთხოვდეს. გუშინ თუ გოლი გაიტანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. მთავარია, ხვალ რა იქნება. ფეხბურთელს სწორ გზაზე ასეთი მიდგომა დააყენებს და წარმატებასაც მიაღწევინებს, მაგრამ საერთო ჯამში ნიჭიერი ახალგაზრდა ბავშვები გვყავს. ჩვენი პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა ახალგაზრდები წამოიზრდებიან, ჩვენს ჩემპიონატში თამაში უწევთ, რაც იმ დონის არაა, როგორიც წარმატებული საფეხბურთო კლუბების ჩემპიონატი. გარკვეულ ასაკში სხვა ქვეყანაში უნდა წავიდნენ და იქ ითამაშონ, სადაც სხვა მიდგომა და პირობებია და ვინც საქართველოში რჩება, განვითარების გზებს ვეღარ პოულობს, რადგან ჩემპიონატის დონე არაა ძლიერი. გერმანიასთან კი არ ვადარებ, საშუალო დონის საფეხბურთო ქვეყნებზე მაქვს საუბარი, როგორიც ჩეხეთი, პოლონეთი ან სლოვაკეთია. ჩვენსა და მათ შორისაც დიდი სხვაობაა. ნიჭიერი ახალგაზრდების მაგალითებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომლებიც ასაკის მიუხედავად, უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. მაგალითად გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 6 თვის წინ წავიდა ბელგიაში და დღეს, 18 წლის ასაკში უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.


- ცნობილი ევროპული კულბების ღირებულება 1 მილიარდს, ზოგიერთი მათგანის კი 3 მილიარდ დოლარსაც აღემატება. თანამედროვე სტადიონის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. რა შანსი აქვს საქართველოს ამ ყველაფრის ფონზე?


ლევან კობიაშვილი - დღეს სად ვართ ჩვენ და სადაა ფეხბურთი, ამის განმარტებით შეგვიძლია ყველაფერს ხაზი გავუსვათ. ფეხბურთი ერთადერთი სფეროა, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს. დაფინანსება ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, საფეხბურთო სფეროს კრიზისი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთისთვის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარი იხარჯება, ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ამაზე მეტი ერთ აზერბაიჯანულ გუნდს აქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. თუ ბოლო პერიოდს გადავხედავთ, ალბათ 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ერთი ფეხბურთელი 100 მილიონი ღირდეს. დღეს კი ამ თანხად ალბათ საშუალოზე ოდნავ მაღალი კატეგორიის ფეხბურთელს თუ იყიდის რომელიმე გუნდი. ამ ზრდას ჩვენ ვერ მივყვებით.


ერთი წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენი ერთ-ერთი კლუბიც გახდა კერძო. ინვესტორმა კლუბი 300 თუ 400 000 ლარად შეიძინა. თუ სხვა ქვეყნის გუნდებს ავიღებთ, ადვილად მივხდებით, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. ფინანსები თუ არ გვექნება, რომ ძლიერი ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ და ისეთებმა ითამაშონ ჩვენს ჩემპიონატში, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ, ამის გარეშე გაგვიჭირდება. ჩვენი სურვილი და მიზანია, მივყვეთ ტენდენციას, რომ კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს. ჩვენი რომელიმე კლუბი მილიარდი რომ ღირდეს, ამ ეტაპზე ამის ილუზია არავს აქვს.


- მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე ცვლილებებს როგორ აფასებთ?


ლევან კობიაშვილი - თუ იმ ცვლილებებს გადავხედავთ, რასაც მსოფლიო ფეხბურთში ვხედავთ, არ მიმაჩნია სწორად. ერთი ფეხბურთელის ღირებულება 100 მილიონს რომ აღემატებოდეს, ჩემთვის ეს წარმოუდგენელიც არის და მიმაჩნია, რომ ფეხბურთისთვის არც კარგის მომტანია.


- ტრანსფერების საერთაშორისო ბაზარზე რა ვითარებაა? საშუალოდ, წელიწადში რამდენი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ხორციელდება?


ლევან კობიაშვილი - როგორც უკვე აღვნიშნე, ერთადერთი წყარო, საიდანაც შემოსავლები შემოდის, ეს სატრანსფერო სფეროა. ჩვენი ფეხბურთელები ყოველწლიურად გადიან უცხოეთში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ჩემპიონატი მთლად ცუდიც არ არის. მაგალითისთვის რომ გითხრათ, ბოლო ორი თამაში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა, 6 ფეხბურთელი იყო, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ. მესმის, რომ ჩვენი ფეხბურთელები გერმანიასა და ინგლისში ვერ ხვდებიან, მაგრამ საშუალო დონის საფეხბურთო ქვეყნებში ნამდვილად მიდიან.


- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული ფეხბურთი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს?


ლევან კობიაშვილი - პროგრამა, რომელიც გვაქვს, ინვესტორს აძლევს იმის საშუალებასა და სტიმულს, რომ ჩვენი ფეხბურთით დაინტერესდეს. კერძოა თუ სახელმწიფო, ყველა კლუბი ფინანსდება და არის კიდევ ერთი პუნქტი - თუ ინვესტორი შემოვა და რაღაც თანხას დახარჯავს, გარკვეული თანხის სტიმულირება ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე იდეალურია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კერძო ინვესტორების შემოსვლის წინაპირობა ნამდვილად არსებობს, რაც დაგვანახა იმ ფაქტმა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი მუნიციპალური კლუბი გახდა კერძო, მაგრამ რა საკვირველია ჩვენი სურვილია ეს პროცესი უფრო ზრდადი იყოს. ჩვენი ამოცანა და მიზანია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა გუნდი კერძო გახდეს, რასაც მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ვერ შეძლებს. ინვესტორების დაინტერესებისთვის ჩვენ ფუნდამენტი მოვამზადეთ, დანარჩენი ბევრ სხვა საკითხზეა დამოკიდებული.


- როგორია ქართული სამსაჯო ბაზა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართველმა რეფერებმა საერთაშორისო ტურნირებს უმსაჯონ?


ლევან კობიაშვილი - სამსაჯო ბაზა წლების განმავლობაში პრობლემატური თემა იყო, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. წელს მსაჯთა აკადემიაზეც ვიზრუნეთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდა მოტივირებული მსაჯები გავზარდოთ. ეს უმნიშვნელოვანესი  საკითხია, რადგან ასეთი პროექტი ფეხბურთის ფედერაციაში არასდროს ყოფილა. აკადემიაში სწავლის მსურველი დაახლოებით 800 ადამიანი გამოჩნდა. საერთო ჯამში 60-70 შევარჩიეთ, მათ შორის 8 გოგონაა, რასაც მივესალმები. ვთვლი, რომ სამსაჯო სფეროში ახალი სახეები საჭიროა და გვეყოლება კიდეც. ევროთასებზე რამდენიმე მსაჯი გვყავს. ერთ-ერთი მათგანი ახლახანს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იყო. რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯი არ გვყავს, მაგრამ ჩვენი მსაჯები სხვადასხვა საერთაშორისო მატჩებს ემსახურებიან და სურვილი გვაქვს, მათი რაოდენობა გავზარდოთ და მეტის საშუალება მოგვეცეს.


- ზუგდიდში სტადიონის მშენებლობაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელსაც მთელს პერიმეტრზე აუტის ხაზის გასწვრივ ბეტონის კედელი შემოავლეს, რა უნდა გაკეთდეს მომავალში ასეთი კურიოზული ინციდენტების თავიდან ასარიდებლად?


ლევან კობიაშვილი - მესმის, რომ ეს პრობლემური საკითხია. რამდენიმე კვირის წინ პირადად გახლდით ზუგდიდიში, ადგილობრივ წარმომადგენლებს შევხვდი. ჩემი ინფორმაციით, 20 მილიონი არაა დახარჯული, მაგრამ ფაქტია, რომ ზუგდიდის სტადიონი გარკვეული ხარვეზებით გაკეთდა. ყოველთვის პრობლემატურ საკითხზე ვსაუბრობთ და ის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი სტადიონი პირველად აშენდა, ამ ფაქტს რატომღაც ხაზი გადავუსვით. ხარვეზი ყურადღებას იქცევს და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროცესის წამოწყება ფეხბურთის ფედერაციასთან წინასწარ იყოს გავლილი. მშენებლობის საკითში ახლა ჩავერთეთ, გავუწიეთ რეკომენდაცია, რომ ბეტონის კედელი მოიხსნას და პირობაც მივიღეთ, რომ მოიხსნება. ამის გარდა ტრიბუნებზე გარკვეული ადგილები არის, საიდანაც სტადიონის მხედველობა არაა, რაც ჩემთვისაც მიუღებელია. ყველანაირი რეკომენდაცია გავუწიეთ და დარწმუნებული ვარ, ამ ხარვეზს გამოასწორებენ.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი


სხვა სიახლეები