• Ƀ/$

მსოფლიო რეიტინგში 42 ქართული რესტორანი მოხვდა

ექსკლუზივი
27 აპრილი 12:05, 2018 წელი | ინტერვიუ

რა ვითარებაა ქართულ რესტორნებში, ან რომელი ობიექტები მოხდვნენ საუკეთესოთა შორის, ამის შესახებ M2B-სთან Gault&Millau–ის წარმომადგენელი საქართვლოში მია კუპრავა საუბრობს.

კულინარიის, ე.წ. ყვითელი გზამკვლევი Gault&Millau, რომელიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა და მოიცავს ინფორმაციას საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტებისა და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ, საქართველოში შემოდის.


- რა მნიშვნელობის არის Gault&Millau-ს საქართველოში შემოსვლა?


- მსოფლიოში ორი პროფესიული ბრენდია, Michelin და Gault&Millau. ეს უკანასკნელი ფრანგული ბრენდია, რომელიც რესტორნებსა და ღვინოებს პროფესიონალურად აფასებს და თავის ყოველწლიურ ავტორიტეტულ გამოცემაში ანთავსებს. Gault&Millau-ს საქართველოში შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენი კულინარიის წინსვლასაც დიდ დახმარებას გაუწევს. კომპანია ახალ ქვეყანაში შესვლას მარტივად არ თანხმდება. Gault&Millau 24 ქვეყანაში არსებობს და საქართველოში რომ შემოსულიყვნენ, მათი დათანხმება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც კომპანია ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. კომპანიის გალა-პრეზენტაცია 14 დეკემბერს გვქონდა, სადაც კომპანიის პრეზიდენტი კომ დე შეღიზეც იმყოფებოდა.


- რა კვლევის შედეგები აქვს Gault&Millau-ს ამ ერთ წელიწადში, ან როგორია კვლევის მეთოდი?


- რესტორნებში საინიტარული მდგომარეობის შეფასება ჩვენი პრეროგატივა არაა. კვლევა კი დაფარული სტუმრით ხდება. რესტორნებთან არ ვთანამშრომლობთ, რადგან თუ ვითანამშრომლებთ, ეს მიკერძოებულობას ნიშნავს. ჩვენ შეფებ-მზარეულების მეგობარ ბრენდს წარმოვადგენთ, რომლებიც მათ წარმოჩენას უწყობს ხელს. შეფასებს შემდეგ ჩვენს რიგებში მოხვედრილი რესტორნები ხვდებიან როგორც გზამკვლევში, ასევე ჩვენს ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც 24 ქვეყანა აკვირდება. საწყისი ეტაპისთვის საქართველოში 600–მდე რესტორანი შეფასდა და აქედან 42 მოხვდა Gault&Millau-ში. ამის ელექტრონული ვესიაც არსებობს და მობილური აპლიკაციაც, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მოიძიოთ Gault&Millau-ს რომელი რესტორანია თქვენთან ახლოს.


- რა კრიტერიუმებით მოხვდა 42 რესტორანი Gault&Millau ყვითელ გზამკვლევში?


- შეფასების კრიტერიუმის 70% გემოებზე, დანარჩენი 30% კი რესტორნის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოდის, მათ შორის სერვისზე, პროდუქტსა თუ გარემოზე. ჩვენი ქვეყნისთვის 42 საუკეთესო რესტორნის გამოვლენა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ მოვიცავთ პოპ-კატეგორიასაც, სადაც წარმატებული საოჯახო ბიზნესის მქონე, თუნდაც პატარა რესტორნები თუ კაფეები ხვდებიან, რომელთაც გამორჩეული რეცეპტები ან თვალშისაცემი გარემო აქვთ.


- შეფასებისას გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას რა მნიშვნელობა ენიჭება?


- რამდენად იოლად მისასვლელია, აქვს თუ არა პარკირება ან უცხოელისთვის მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია რამდენად კარგადაა მიწოდებული, ამასაც აქვს მნიშვნელობა.


- Gault&Millau-ს საქართველოში შემოსვლა რესტორნებისთვის სტიმულია თუ კრიტიკის საფუძველი?


- Gault&Millau-ს საქართველოში შემოსვლა რესტორნებისთვის უკვე დიდი სტიმული და მოტივაციაა. კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება რომ მივიღე, ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი დევიზია - ჩვენ არ ვართ კრიტიკული ბრენდი. Gault&Millau ამოწმებს რესტორნებს და შემდეგ მათზე მხოლოდ დადებითს წერს.


- Gault&Millau–ს გზამკვლევში მოხვედრა რესტორნის შემოსავალზე რამდენად მოქმედებს?


- კლიენტურა მინიმუმ 30%-ით იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, რესტორნისთვის დიდი მოტივაციაა.


- კვლევას მხოლოდ ბრენდირებულ რესტორნებში ატარებთ?


- პირველად სიას საერთაშორისო ჯგუფი გვთავაზობს, როცა ახალ ქვეყანაში შედიან, თუმცა ჩვენი მხრიდან დამატებულმა რესტორნებმა უფრო გაამართლეს. ისეთი ობიექტები აღმოვაჩინეთ, მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩა. თურმე არასახელოვანი რესტორნებიც არსებობს, რომლებიც ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ ყვითელ გზამკვლევში მოხვდნენ.


- სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენად კარგად იციან საქართველოში სარესტორნე ბიზნესი?


- ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ კულინარიაში, სხვა სფეროებშიც პროფესიონალური განათლება ძალიან მოიკოჭლებს. თუ შესაბამისი კადრები არ გვეყოლება რესტორანსა თუ სხვაგან, წარმატებასაც ვერ მივაღწევთ. თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ რესტორნის ბიზნესის წარმომადგენლებმა ამ სფეროს ევროპის რამდენიმე ქალაქში გადახედონ ან ისინი მოიწვიონ და მათი რჩევები გაითვალისწინონ, ეს მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. როცა ყველაფერი კარგადაა დაგეგმილი, ამ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


სხვა სიახლეები