• Ƀ/$

აბასთუმანში ობსერვატორიის საბაგიროს აღადგენენ

1 მაისი 13:45, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“.

განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც.


მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრდეს.


აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ის თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა.


სხვა სიახლეები