• Ƀ/$

„ტესლას“ რენტაბელობის საიდუმლო...

8 ივნისი 10:21, 2018 წელი | ინტერვიუ

„ტესლა მოტორი“ ახალი კომპანიაა. დამწყებად აღარ ჩაითვლება, თუმცა ასაკით ახლოსაც ვერ დაუდგება ავტობაზარზე დამკვიდრებულ გიგანტებს. ის იმით გამოირჩევა, რომ მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს.

იმითაც, რომ ლამის ყველა კვარტალს წაგებით ამთავრებს. გიგა ქარხნითაც, უამრავი ინოვაციითაც, წარმოებაში არსებული პრობლემებითაც. და რა თქმა უნდა, მისი დამაარსებლით და შეფით, ილონ მასკით გამოირჩევა, ვისაც იდეები არ ელევა.


თანაც „ტესლა“ ყველას აინტერესებს. რატომ? ბევრი ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ „ტესლაა“ და პოპულარულია. და მასზე ინფორმაციები ხშირად ქვეყნდება. ფართო საწარმოო პროგრამა არ აქვს, მაგრამ მის შესახებ სიახლეები არ ილევა. და ისიც ყველას აინტერესებს.


და რადგან ასეა, უდაოდ საინტერესო იქნება ინტერვიუ მის ერთ-ერთ წამყვან თანამშრომელთან, ვინც „ტესლაში“ უკრაინიდან მივიდა და მნიშვნელოვანი პოსტი ჩაიბარა. ის ამერიკულ კომპანიაზე ბევრ საინტერესოს მოგვიყვება. მისი სახელია ალეკსეი ილიაშოვი, ვისაც კალიფორნიულ კომპანიაში, მონაცემთა უფროსი არქიტექტორის პოსტი უკავია. ეს ნიშნავს, რომ მთელი ინფორმაცია, რომელიც ავტომობილის წარმოებისა და ექსპლუატაციის დროს აკუმულირდება, მისი გუნდის ხელში გაივლის და იფილტრება.


კითხვა: „ტესლას“ არ აქვს მოგება? რა სისულელეა?


ყოველი ავტომობილის გაყიდვიდან „ტესლას“ რენტაბელობა 19-25 პროცენტია. გააჩნია მოდელს და კომპლექტაციას. ეს იმ დროს, როცა ავტოინდუსტრიაში საშუალო რენტაბელობა 10-11 პროცენტია, პრემიუმ კლასში კი 15 პროცენტს აღწევს.


„ტესლა“ დამწყებია, რომელიც ძალიან სწრაფად ფართოვდება, ამისთვის მთელი საოპერაციო მოგება ისევ წარმოების გაფართოებას, კვლევებს, მოდელების შემუშავებას და ტესტირებას, სერვის ცენტრების მშენებლობას ხმარდება. ვითარდება სწრაფად დასამუხტი სადგურების ქსელი.


ხალხს არ ესმის, რა არის „ტესლა“. ერთხელ დაწერეს, რომ კომპანიას მოწყობილობები და დანადგარები ევროპიდან თვითმფრინავებით გადმოაქვს და რომ ეს წარმოუდგენლად ძვირია. ეწერა, რომ ჭკვიან ადამიანებს ტვირთი ზღვით მოაქვთ. მაგრამ მათ არ ესმით, რომ ჩვენ უფრო მეტად იმით დავზარალდებით, თუ ტვირთს ზღვით წამოვიღებთ და ამით 2 თვით მოვცდებით. თვითმფრინავით ეს ორ დღეში შეგვიძლია.


კითხვა: რატომ ახსენეთ დასამუხტი სადგურები?


„ტესლას“ უკვე აგებულ აქვს 10 ათასზე მეტი ასეთი სადგური. იქ ელემენტების ენერიიგთ დამუხტვა 30-40 წუთში არის შესაძლებელი. მაგალითად, „მოდელ3-ის“ ელემენტების ბლოკის ტევადობა 75 კილოვატსაათია. სუპერდასამუხტ სადგურზე კი დამუხტვის სიჩქარე 120 კილოვატსაათია. ეს ნიშნავს, რომ ელემენტების 80 პროცენტით შევსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, სრულად შევსებას კი 30-40 წუთი უნდა. ერთი დამუხტვა 500 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. 1 კილოვატის ფასი 20 ცენტია, სახლში კი 10 ცენტი ღირს. ოღონდ, სახლში დამუხტვას მთელი ღამე უნდა.


კომპანია წელს კიდევ 10 ათასი სადგურის აგებას გეგმავს. თითოზე 10-40 ცალი დასამუხტი პოსტია. ეს ნიშნავს, რომ თუ იქ ერთდროულად 20 მანქანა დადგება, მაშინ სადგური საათში 2 მეგავატ ენერგიას გასცემს. ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას ბევრი მუშაობა სჭირდება. სხვათა შორის, „მოდელ S“ უფასოდ იმუხტება. „მოდელ 3-ის“ დამუხტვას კი უფასოდ ვერღარ შეძლებთ. ელექტრომობილების სხვა მწარმოებლებს, მსგავსი ქსელი არ აქვთ.


კითხვა: მაგრამ სადგომებზე ყველგან არის დასამუხტი წერტილები.


კი, მაგრამ სადგომზე არსებული დასამუხტი წერტილების სიმძლავრე საშუალოდ 9 კილოვატსაათია. ეს ნიშნავს, რომ დამუხტვას 10-14 საათი სჭირდება. ფასი კი 40 ცენტია. შედარებისთვის, სახლში ფასი 10 ცენტია, მაგრამ 9 საათია საჭირო, ჩვენთან კი 30 წუთში მუხტავთ და 20 ცენტს იხდით. ამიტომ, სადგომების დასამუხტებით არ სარგებლობენ.


კითხვა: ესე იგი, ინვესტორები გენდობიან?


მარტივად გეტყვით. „ტესლაში“ მოქმედებს ყოველი თანამშრომლის ყოველთვიური შეფასების სისტემა. თუ შედეგები კარგია, მაშინ პრემიას სთავაზბენ, რომლის აღებაც სამი განსხვავებული სახით შეიძლება - ნაღდი ფულით, იმავე თანხის აქციებით, ან ოპციონებით, რაც მომავალში სამჯერ მეტი აქციის გარანტირებული ფასით შესყიდვის საშუალებას იძლევა.


თითქმის ყველა ოპციონებს ირჩევს, ანუ თანამშრომლებს სჯერათ, რომ აქციების ფასი გაიზრდება. მაგალითად, დღეს შევძელით 500 ავტომობილის გამოშვება და ამის შესახებ, ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა. აქციების ფასი მაშინვე აიწევს. თანამშრომელიც დაუყოვნებლივ ხედავს თავისი შრომის შედეგს. „ტესლაში“ აქციებს ყველას აძლევენ, არამხოლოდ თეთრსაყელოიანებს. ეს კი ყველასთვის დაინტერესების საფუძველს ქმნის.


მეორე მაგალითი: ხორცკომბინტებში თანამშრომლები არასდროს ჭამენ თავიანთ პროდუქციას, რადგან იციან, ის როგორ მზადდება. ჩვენთან კი თითქმის ყველა „ტესლას“ ავტომობილებს ყიდულობს.


კითხვა: ბლუმბერგს ეწერა, რომ ელექტრომობილების წარმოება წამგებიანია...


„ტესლას“ ელექტრომობილების გარდა, ყველა დანარჩენი წამგებიანია. როგორც უკვე ვთქვი, „ტესლას“ ყოველი ავტომობილის რენტაბელობა 25 პროცენტს აღწევს. სხვები კი არარენტაბელურებია. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკაში და განსაკუთრებით კალიფორნიაში, ეგრეთ წოდებულ შესაბამისობის ავტომობილებს აწარმოებენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გამონაბოლქვზე მკაცრ სტანდარტებს შეესაბამებოდნენ. კომპანიებს მათ მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვის საშუალო მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარზე მაღლა არ უნდა ჰქონდთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ჯარიმების გადახდა უწევთ.


მათ ან ეკონომიური ძრავები წარმოება უწევთ, ან სხვა გზით მიდიან. ირჩევენ შასის, მას LG-სთვის შეკვეთილი ძალური დანადგარით, ელემენტების ბლოკით, ელექტრონიკით აღჭურვავენ და მიიღებენ ისეთ პროდუქტს, როგორიცაა მაგალითად, „შევროლე ვოლტი“ (შენიშვნა: ყველაფერი არც ასე მარტივადაა). ყოველ ასეთ ავტომობილზე მწარმოებელი 6-9 ათას დლარს ზარალობს.


ასეთი ავტომობილები არც დილერებისთვის არის მომგებიანი, რომლებიც მოგების დიდ ნაწილს სერვისზე ღებულობენ. ელექტრომობილს კი ბევრი მომსახურება არ სჭირდება. რამდენ ხანს მუშაობს მაცივარი? 20-30 წელს? ან მეტსაც. ელექტრომობილში მოძრავი და შესაბამისად, მალე ფუჭებადი ნაწილები ცოტაა და ამიტომ სერვისსაც ნაკლებად საჭიროებს. მთავარი ისაა, რომ მწარმოებლები ჯარიმებს გაურბიან. ამიტომ „ტესლას“ ავტომობილების გარდა, ყველა სხვა ელექტრომობილი წამგებიანია.


„ტესლას“ სულ სხვა სიტუაცია აქვს - ის ეკოლოგიის კრედიტებს იმ კომპანიებზე ჰყიდის, ვისაც კვოტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.


კითხვა: რა სიტუაციაა ჩინეთთან დაკავშირებით?


„ტესლამ“ შარშან იქ 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ავტომობილები გაყიდა. მალე იქ საბაჟო გადასახადს 25-დან 15 პროცენტამდე შეამცირებენ. საწყობებში დაგვიგროვდა ისეთი ავტომობილები, რომლებზეც 25 პროცენტია გადახდილი. მაგრამ „ტესლამ“ გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილებიც იმ ფასში გაიყიდბა, რომელშიც 15 პროცენტიანი ტარიფით დაბეგრილები. ამის საშუალებას ჩვენ 25-პროცენტიანი რენტაბელობა გვაძლევს. შედეგად, საწყობები ერთ დღეში დაიცალა.


ტრამპი გვპირდბა, რომ უცხოურ ავტომობილებზე ტარიფს 2.5-დან 15 პროცენტამდე ასწევს. ის ამას გააკეთებს. ეს კი დარტყმა იქნება ყველასთვის, ვისაც ამერიკაში მანქანები შემოაქვს და აქ არ აწარმოებს.


როგორც წესი, ჩინეთი უცხოურ კომპანიებს, ვისაც იქ მუშაობის სურვილი აქვთ, ავალებს, რომ ადგილზე ერთობლივი საწარმოები შექმნან, სადაც ჩინურ კომპანიებს 50 პროცენტზე მეტი კუთვნილება ექნებათ. მაგრამ ელექტრომობილების მწარმოებლებზე ეს წესი არ მოქმედებს. „ტესლას“ იქ ქარხნის აშენება სურს. საერთოდ, ილონ მასკი ფიქრობს, რომ ყველა კონტინენტზე თითო გიგაქარხანა ააშენოს, სადაც ავტომობილების გარდა, მაკომპლექტებლებსაც აწარმოებს. აშშ-ში კი 3-4 ქარხანა უნდა იყოს.


სხვათა შორის, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 2030 წლის შემდეგ იქ შიდაწვისძრავიანი ავტომობილები აღარ გაიყიდება.


კითხვა: რას ფიქრობენ „ტესლაში“ მოდელების შეცვლაზე, ავტოინდუსტრიაში ავტომობილების გაყიდვიდან და სერვისიდან მიღებულ მოგებაზე?


ჩვენ ეს დანერგილი გვაქვს. მაგალითად, „მოდელ3“-ის მფლობელები გვწერენ, რომ მართვის სისტემა მოუხერხებელია, რადგან პანელზე სპიდომეტრიც კი არაა. ყველაფერი ეკრანზეა. გარდა ამისა, საკიდარი ხისტია.


მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ „მოდელ3“ სერვისული ეკონომიკის პრინციპით არის დაპროექტებული და არა ფლობის ეკონომიკის პრინციპით. მთელი პროგრამული უზრუნველყოფა ამის შესაბამისად არის აწყობილი. მაგალითად, სალონში დგას შიდა კამერა, რომელიც აფიქსირებს ყველაფერს, რაც სალონში ხდება. ის ჯერ ჩართული არ არის და საოპერაციო სისტემის განახლებას ელის. რატომ?


ჩვენი სერვისი „ტესლანეტი“ ყველა მგზავრის რეიტინგს ადგენს, მათს ქცევებს აფიქსირებს. ამის შესაბამისად გამოითვლება პერსონალური საკრედიტო რეიტინგი. თუ ასეთი რეიტინგი დაბალი გაქვთ, მაშინ თქვენთვის ტარიფი შედარებით მაღალი იქნება. ვინც მანქანას არ უვლის და აფუჭებს, შეიძლება მიიღოს შეტყობინება - „თუ გინდა სავარძლები ჭრა, მაშინ მანქანა იყიდე. ახლა კი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვერ გამგზავრებთ!“.


სხვათა შორის, ავტოპილოტის მქონე ავტომობილს მაჩვენებლების დაფა არ სჭირდება. ჩვენ კი მეხუთე დონის ავტონომიისთვის მზად ვართ. ის 3-4 წელიწადში დაინერგება. ასეთი აქტივი სხვას ჯერ არავის აქვს. იმიტომ, რომ ავტოპილოტი ეს არაა ჭკვიანი ალგორითმი. ესაა ყველა ავტომობილის ყველა ავტოპილოტის ერთობლივი ქსელი, რომელიც მუდმივად სწავლობს. ამჟამად კი ასეთი ქსელი მხოლოდ „ტესლას“ აქვს. ჩათვალეთ, რომ ეს ფილმ „ტერმინატორის“ სკაინეტის მსგავსი რამ არის.


კითხვა: „ტესლასა“ და „სპეისX“-ს შორის რამე კავშირი არსებობს?


რა თქმა უნდა. მასკი 4445 დაბლამფრენი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების გაშვებას გეგმავს. მიზანი ისაა, რომ ინტერნეტი მთელ პლანეტას ჰქონდეს. ცნობისათვის, პირველი ორი უკვე გაშვებულია. ბევრი ფიქრობს - მასკს ეს რაში სჭირდება.


ამჟამად ძირითადი ტრაფიკი, რომელიც ინტერნეტში იზრდება, ესაა M2M. მაგალითად, „ტესლას“ ყოველი ავტომობილი, უზარმაზარ ინფორმაციას მუდმივად უცვლის ცენტრს. ამისთვის ავტომობილი ეკიპირებული არის სიმ-ბარათით, რის ფულსაც „ტესლა“ იხდის და ამით მოგებას სატელეკომუნიკაციო კომპანიები იღებენ.


მაგრამ მალე ინტერნეტთან კავშირი პამპერსსაც კი ექნება. უთოსა და მაცივარზე აღარაფერს ვამბობ. სად წაიღებენ ამ ტრაფიკს? ვის გადაუხდიან ამის ფულს? მთელ ამ ტრაფიკს მასკის თანამგზავრების დაჯგუფება მიიღებს. თუ „ტესლას“ მანქანას იყიდი, მაშინ კავშირი უფასოდ გექნება. თუ არა, მაშინ გადახდა მოგიწევს. ეს ტელეფონებზე იაფია, მაგრამ მოცულობაა უზარმაზარი. ფაქტობრივად, მასკი მსოფლიოში ყველაზე დიდ სატელეკომუნიკაციო ჯგუფს ქმნის, რომლითაც ტრაფიკის უმეტეს წილს მიიზიდავს.


გარდა ამისა, მასკი აპირებს, რომ კვირაში თითო რაკეტა გაუშვას, რომელთა სასარგებლო დატვირთვა 25 ტონა იქნება. და ეს კლიენტებისთვის ყველაზე იაფი ეღირება. ამის გამო, კლიენტები ამ ხომალდებზე საკუთარი ტვირთვისთვის ადგილებს წელიწადნახევრით ადრე ჯავშნიან.


კითხვა: რა კავშირია „ტესლასა“ და „სოლარ სიტის“ შორის?


მასკმა კონტრაქტი გააფორმა ავსტრალიასთან, რომლის შესაბამისადაც, 50 ათას ადამიანზე, სოციალურ საცხოვრებლებს ააშენებს. ეს იქნება ერთი დიდი მზის ელექტროსადგური, რომელშიც ადამიანები იცხოვრებენ. სახლები აღიჭურვება მზის პანელებით და ენერგიის შესანახი აკუმულატორებით. ოღონდ, 250 მეგავატი წლიურად განკუთვნილი იქნება არა მუდმივი გამოყენებისთვის, არამედ პიკური დატვირთვების საკომპენსაციოდ. ამ კონტრაქტით, სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფს გაჭირვებულებს და იმავდროულად, მიიღებს სარეზერვო გიგანტურ აკუმულატორს და მზის ელექტრო სადგურს.


გარდა ამისა, ელექტრომობილების მფლობელები ამჟამად ელექტრობას ენერგო კომპანიებისგან ყიდულობენ. მალე კი ასე აღარ იქნება, რადგან მალე ელექტრომობილები მათთვის საჭირო ენერგიას თავადვე გამოიმუშავებენ. „ტესლას“ პანელები უკვე გამოიმუშავებენ იმ ენერგიის 20-30 პროცენტს, რომლებსაც ჩვენს მიერ გამოშვებული ყველა ელექტრომობილი მოიხმარს.


კითხვა: „ტესლა“ მსხვილი კორპორაციებისგან რით განსხვავდება?


„ტესლა“ დამწყები კომპანიაა. სტარტაპ კომპანიებში, მის ნებისმიერ თანამშრომელს, სხვა ნებისმიერისთვის, მათ შორის შეფისთვისაც, კითხვის დასმა შეუძლია. კორპორაციაში კი უამრავი ბარიერი, დონე და იერარქიაა. მასკმა ახლახანს ყველა თანამშრომლისთვის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია: „თუ რამე იდეა და წინადადება გაქვთ, ან რამის გაკრიტიკებას აპირებთ, ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. მიაკითხეთ იმას, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. თუ წარმოიქმნა ჯაჭვი - მოხსენება მენეჯერს, მისგან უფროს მენეჯერს, რომელიც ვიცე პრეზიდენტს მიმართავს, ის გადაწყვეტს და შემდეგ დაბალ რგოლებს გადასცემს, მაშინ მთელ ამ ჯაჭვს დავითხოვ!!!“.


კითხვა: კომპანიის თანამშრომლებისთვის ილონ მასკი რას წარმოადგენს?


ის ხშირად მოდის საწარმოებში და მაშინ შრომის ნაყოფიერება მკვეთრად იზრდება. ყველას სურს იმის ჩვენება, თუ რა კარგად მუშაობს. მასკი მოტივაციის ზრდას იწვევს და ყოველთვის ყველაფრით ინტერესდება. ის მუდმივად ანგრევს ბარიერებს კომუნიკაციაში.


მაგალითად, დასახულია მიზანი, რომ როგორც კი ავტომობილი კონვეიერს დატოვებს, მაშინვე კლიენტისკენ უნდა გაიგზავნოს. მაგრამ მსოფლიოში ყველა სხვა ავტომობილისგან განსხვავებით, ჩვენი ავტომობილი ერთგვარი კომპიუტერიცაა. მისი ხელოვნური ინტელექტი იღვიძებს და მუდმივად თვითტესტირების პროცესშია. და როცა კონვეიერის ბოლოს, ბოლო თვითტესტი ირთვება, ის მაშინვე გვეუბნება იმ დეფექტების შესახებ, რომლებიც დააფიქსირა. მაგალითად, ნათურა არ ირთვება, ან სენსორი არ მუშაობს, ან ქანჩი სათანადოდ არაა მოჭერილი.


ჩვენ შექმნილი გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც კონვეიერიდან ჩამოსვლის შემდეგ, ავტომობილს იბარებს და აღმოჩენილ დეფექტებს სწრაფად აღმოფხვრის. ამის შემდეგ, ის ლოგისტიკის დეპარტამენტს გადაეცემა, რომელიც დანიშნულების ადგილისკენ აგზავნის. დეფექტების დეპარტამენტის დირექტორი სამუშაო პროცესის ოპტიმიზებას ცდილობს. მაგრამ მოდის მასკი და ეუბნება, პროცესის ოპტიმიზება საჭირო არაა. უკეთესი იქნება, თუ იმ სექტორში წახვალ, სადაც დეფექტი წარმოიშვა და შესაბამის დეპარტამენტს აიძულებ, ისე იმუშაოს, რომ პრობლემები აღარ გაჩნდეს.


კითხვა: და მასკი მუდმივად ასეთ წვრილმან საკითხებს აგვარებს?


არა, გვაქვს სისტემა, მაგრამ მასკი ყოველთვის ცდილობს საქმეში ჩართვას. ყოველთვის და ნებისმიერ ადგილას. თუ საჭიროა, მას შეუძლია, დადგეს კონვეიერთან და აკეთოს ის, რასაც მუშა აკეთებს. რა თქმა უნდა, ქარხანაში მუდმივი ოპტიმიზაციის სისტემა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მასკისადმი მიმართვა ნებისმიერს შეუძლია. და მასკი უპასუხებს. და თუ საკითხი სერიოზულია, მას აუცილებლად გადაწყვეტს.


კითხვა: როგორ მუშაობს ოპტიმიზაციის სისტემა?


ამის ბევრი საშუალებაა. მაგალითად, ყველა ინჟინერს, ვინც რამე შეიმუშავა, პერიოდულად კონვეიერთან დგომას ავალებენ, სადაც ის მუშის ხელმძღვანელობით იმის გაკეთებას ცდილობს, რაც თვითონ შეიმუშავა. ეს გონებას ავარჯიშებს.


კითხვა: და ისიც შესაძლებელია, რომ მასკს უფროსი მენეჯერის უკითხავად მიმართო?


რა თქმა უნდა.


კითხვა: მაგრამ თუ მენეჯერი უკმაყოფილო დარჩება და შურისძიებას გადაწყვეტს?


პრობლემა არაა. შეგიძლია HR დეპარტამენტში საჩივარი შეიტანო. იქ ქეისს გახსნიან და გამოძიებას დაიწყებენ. სიმართლის დამტკიცების ბევრი საშუალებაა.


კითხვა: სამსახურს იოლად ატოვინებენ?


სწრაფად და სტვენით. გინდა ვიცე პრეზიდენტი იყავი, გინდა - მუშა. ყველას თავისი ქეისი აქვს და პლიუს, ყოველთვიური მიმოხილვა. თუ რამე ისე არაა, გაგატარებენ სამ ეტაპს. გასწავლიან, გავარჯიშებენ და თუ არაფერი გამოდის - ქუჩაში. აქ ცერემონიები არ იციან.


კითხვა: შეუცვლელი არავინ არის?


შეუცვლელი არავინაა.


კითხვა: ხელფასი?


იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამ ბაზარზე. მაგრამ აქციების გათვალისწინებით, კარგად გამოდის.


კითხვა: რატომ მუშაობენ?


საინტერესოა, პრესტიჟულია და აქციებს გაძლევენ. აქციებს კორპორაციები ყველას იშვიათად აძლევენ.


კითხვა: ეს მნიშვნელოვანია?


რა თქმა უნდა. მასკი ვარსკვლავია. ის მომავალს ქმნის. მისი სჯერათ, მისი ეშინიათ, მაგრამ მას მიჰყვებიან. ის ლიდერია.


კითხვა: კადრების დენა არ გაქვთ?


კონვეიერზე გვაქვს - ეს სამუშაო რუტინულია, მექანიკური და მუდმივად მუშაობა გიწევს, რადგან კონვეიერი არ ჩერდება. ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. ხალხს შესაბამისი სწავლების შემდეგ, სამუშაოს გამოცვლის საშუალებას აძლევენ. ბევრი საქმე აითვისე, ესე იგი, კვალიფიკაცია გაიზარდა და შესაბამისად, ხელფასიც იზრდება. გარდა ამისა, რუტინული სამუშაოს ნაწილს რობოტიზაცია ითვისებს.


კითხვა: თქვენ „ტესლას“ ავტომობილს ფლობთ?


ორი ცალი. ჩემს გოგოს ბენზინისძრავიანი ავტომობილი ჰყავს, მაგრამ მინდა, „ტესლაში“ გადავცვალოთ.


კითხვა: ხალხს როგორ აფასებენ?


წარმადობის მაჩვენებლები უფროსობისგან, კოლეგებისგან და ქვეშევრდომებისგან განსხვავებულია. მათ თვეში და კვარტალში თითოჯერ ადგენენ. თუ თქვენი რევიუ დადებითია, მაშინ ხელფასი იზრდება. თუ ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში ცუდი რევიუ გაქვთ, მაშინ წასვლა მოგიწევთ.


 


კითხვა: ეს ყველას ეხება?


კი.


კითხვა: მასკი ბევრს რატომ აღიზიანებს?


ის კვირაში 80 საათი მუშაობს...


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი