• Ƀ/$

რეფინანსირების სესხის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა

25 ივლისი 12:53, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე შემცირების შესახებ. 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. 


ბანკის გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია. ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა.


პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორშიც. მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (24 პროცენტი). ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).


მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.


რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად 58 000-ზე მეტ ადამიანს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდა.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 5 სექტემბერს გაიმართება.


სხვა სიახლეები