• Ƀ/$

ხელოვნური ინტელექტი სატელევიზიო რეკლამასაც შეცვლის

21 აგვისტო 11:04, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სატელევიზიო რეკლამა ბოლო პერიოდში ციფრულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად შეცვალა. ახლა ჯერი ხელოვნურ ინტელექტზეა, რომელმაც, შესაძლოა, ინდუსტრიაში უფრო რადიკალური ძვრები გამოიწვიოს.

სატელევიზიო რეკლამა საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია – როგორც მისი გადაღება, ასევე ტრანსლაცია. აუდიტორიის დიდი ნაწილი კი მას ვერ ღებულობს, თვალს არიდებს, ტელევიზორს სხვა არხზე რთავს და თუ აქვს საშუალება, დროშიც ახვევს. თეორიული გამოსავალი ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივ მომხმარებელზე გასვლაა, რაც პრაქტიკულად არც თუ ისე მარტივი მისაღწევია.


ხელოვნური ინტელექტი ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება. საკუთარ პლატფორმაზე სიახლეს უკვე ნერგავენ Netflix და Youtube, ასევე Hulu, რომელიც, იდეაში, Netflix-ის კონკურენტია, მაგრამ ნაკლებადცნობადი და კაპიტალიზაციით მასზე 8-ჯერ პატარაა.


ტელევიზიის შემთხვევაში რეკლამის შეთავაზებისას ხელოვნური ინტელექტი ძირითადად გამოცდილებას დაეყრდნობა. ალგორითმი იმახსოვრებს მაყურებლის ქცევას, შემდეგ მას აანალიზებს, ამუშავებს და კონკრეტულად მასზე მორგებულ რეკლამას სთავაზობს.


ტელევიზიისგან (იგულისხმება სმარტ ტელევიზორი, რადგან ჩვეულებრივში მიზნობრივი რეკლამის გაშვება უბრალოდ შეუძლებელია) რეკლამების სორტირება ბევრად იოლია ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში, რადგან ამ დროს მომხმარებელი ინფორმაციის უდიდეს ნაწილს საკუთარ თავზე თავადვე გასცემს, მისი ასაკის, ინტერესებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეკლამის მორგება უფრო მარტივია, ვიდრე იმის დამახსოვრებით, თუ რა შინაარის გადაცემასა და რეკლამას უყურა მან წარსულში ტელევიზიით.


ერთი შეხედვით, მიზნობრივი რეკლამა ბევრად უკეთესია, ვიდრე ზოგადი. ლიტერატურის მოყვარული ახალი წიგნის შესახებ მიიღებს ინფორმაციას, ტექნოლოგიების მოყვარულს ახალ ულტრა თხელ ლეპტოპს ან ჰოლოგრამული გამოსახულების შემქმნელ აპარატს შესთავაზებენ ხელსაყრელ ფასად, მელომანს კონცერტების შესახებ აცნობებენ და ა.შ. მაგრამ ეს ბევრისთვის პირადი სივრცის ხელყოფა და თავისუფლების შეზღუდვაა. აღნიშნული მიზეზის გამო ტექნოლოგიების სფეროდან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ ხელოვნურ ინტელექტს ხვდება, თუმცა მასთან ბრძოლას ართულებს ის გარემოება, რომ ხელოვნური ინტელექტი, თუ არ ჩავთვლით ჰუმანოიდ რობოტს, ცალკე აღებული არ არსებობს და შერწყმულია სხვადასხვა მოწყობილობებში.


საბოლოო ჯამში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეების მიუხედავად, 5G ინტერნეტის, უპილიტო ავტომობილებისა და ნივთების ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაც შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ხელოვნურ ინტელექტს ეჭვის თვალით უყურებდა სტივენ ჰოკინგი, ის არც ილონ მასკს მოსწონს, მაგრამ მისი მოსაზრება არ უშლის ხელს იმას, რომ TESLA  MODEL 3-ში ადამიანის როლის საკმაოდ შემცირებულია.


სხვა სიახლეები