• Ƀ/$

ციფრული მარკეტინგის უპირატესობები (ნაწილი I)

12 ოქტომბერი 17:34, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ციფრული სამყაროს უპირატესობები ერთი შეხედვით მარტივად გასაგებია, თუმცა მარკეტინგში ბევრი ისევ ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინებს, მიუხედავად იმისა, რომ დიჯიტალიზაცია ამ სფეროზეც დადებითად აისახება.

მობილურობა და ცვლილებების რეალურ დროში ასახვა ციფრული ტექნოლოგიების ერთ-ერთ მთავარ სარგებლად მიიჩნევა. სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად დაინტერესებულ ადამიანს თაროდან ენციკლოპედიის ტომების გადმოღება აღარ უხდება, მისი ნახვა უკვე სმარტფონის მეშვეობითაც ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეუძლია. დიდი მოცულობის ინფორმაციის მრავალი წესით დამუშავება-დახარისხების უნარით ჯერ კიდევ ძველი ელექტრო გამომთვლელი მანქანები იკვეხნიდნენ.


მარკეტინგის სფეროში საჭიროა როგორც მობილურობა, ისე სიზუსტე და დახარისხებული მონაცემების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა.


მხოლოდ სისწრაფე და ოპერატიულობა დღეს უკვე საკმარისი აღარ არის. სატელევიზიო რეკლამას მყისიერად ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს, მაგრამ ის ძვირი ჯდება, რეკლამის მიმღებთაგან, დაინტერესებული პირი მხოლოდ მათი მცირე ნაწილია და მომხმარებელს არ შეუძლია ჩარევა, შეფასება და რამის შეცვლა.


და მაინც, რა კონკრეტული უპირატესობები აქვს ციფრულ მარკეტინგს ტრადიციულთან შედარებით? შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მათგანი:


1)      ბრენდის უკეთესი პოზიციონირება. ბრენდი მხოლოდ კომპანიის ლოგო არ არის, რომელიც სხვებისგან ვიზუალურად გამოარჩევს. მასში შეიძლება ერთიანდებოდეს კომპანიის მისია. ასევე ისიც, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები მას. რა ასოციაციას და რა შთაბეჭდილებებს უქმნის მათ კომპანიის სახელის გაგონება. APPLE-ის  მხოლოდ ბრენდი $182 მლრდ ღირს (3.5-ჯერ მეტი ვიდრე რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ ჯამური ღირებულება). $100 მლრდ-ს აღემატება ასევე ბრენდები: GOOGLE და MICROSOFT. იყო დრო, როცა ტრადიციული ბრენდების COCA-COLA, MERCEDES ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი პერიოდი ესაჭიროებოდა, მაშინ როცა დაარსებიდან 5 წლის თავზე FACEBOOK უკვე მსოფლიო ბრენდი იყო, არამხოლოდ სოციალური ქსელების მიმართულებით. APPLE და FACEBOOK მსოფლიო გიგანტები არიან, რომლებიც მხოლოდ მაგალითის მოსაყვანად გამოდგება, მაგრამ პატარა კომპანიისთვისაც კი თავის პატარა მასშტაბებში და მცირე გეოგრაფიულ არეალში, ბრენდის პოზიციონირება და საკუთარი ნიშის პოვნა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში. მაგრამ აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი. ნეგატიური ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება. იმედგაცრუებული და გაბრაზებული მომხმარებელი, კმაყოფილ მომხმარებელზე უფრო მეტი მონდომებით ცდილობს თავისი ემოციების ახლობლებისთვის გაზიარებას. შელახული რეპუტაციის აღდგენის ხარჯები ძალიან მაღალია. მარკეტოლოგების რეკომენდაციაა სიფრთხილე, რათა თუნდაც უნებურად არ აღმოჩნდეს მომხმარებელი მოტყუებული.


2)      მომხმარებლის უკუკავშირი. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, ციფრულ მარკეტინგში მომხმარებელს რეაგირება უფრო სწრაფად შეუძლია. მან შეიძლება კომპანიაში საყვედურის სათქმელად არ დარეკოს, მაგრამ დაწეროს ნეგატიური კომენტარი, ან გააუქმოს გვერდის გამოწერა. ფირმისთვის აღნიშნული საკმარისი სიგნალი უნდა იყოს დასაფიქრებლად და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების გასატარებლად. ციფრული მარკეტინგის დროს შესაძლებელია პრობლემის საწყის ეტაპზე შემჩნევა, ვიდრე გამოსწორება ჯერ კიდევ მარტივია.


3)      4P-დან, 4C-მდე. ტრადიციულ მარკეტინგში ცნობილი იყო 4P-ს ფორმულა - პროდუქტი, ფასი, ადგილმდებარეობა და პრომოუშენი (Product, Price, Place, Promotion). ციფრულ მარკეტინგში ის 4C-მ ჩაანაცვლა: მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები, ღირებულება, კომფორტულობა და კომუნიკაცია (Consumer, wants and needs, Cost, Convenience, Communication). ახალი მიდგომები უფრო მეტად მომხმარებელზეა ორიენტირებული, მათი საჭიროებების სწორად დადგენის შემთხვევაში გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.


მსგავს თემაზე:

თაღლითებისგან თავდაცვის საშუალებები ციფრულ მარკეტინგში


ციფრული მარკეტინგის რისკები და მათი დაზღვევის საშუალებები



სხვა სიახლეები