• Ƀ/$

საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

22 ოქტომბერი 12:18, 2018 წელი | ეკონომიკა

„მწვანე პოლიტიკის“ გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ელექტრომობილების როლზე ისაუბრა და საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის აშენება დააანონსა. 

"დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას". - აღნიშნა პრემიერმა.


მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას ელექტრომობილების უპირატესობის შესახებ დეტალურად ისაუბრა "მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტროტრანსპორტს შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება, ფაქტობრივად, გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთანავე, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტროავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე.


ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. მინდა ამავე დროს შევეხო იმ ძალიან მნიშვნელოვან დადებით მომენტს, რასაც კონკრეტულად მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა გახლავთ სავაჭრო დეფიციტი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი იმპორტის ჩამონათვალში ნომერ პირველ ადგილზე გახლავთ საწვავი. სწორედ საწვავზე მოდის ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადართვას აქვს დამატებით უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და ამასთან ერთად გავაჩინოთ ძალიან მსხვილი მომხმარებელი ჩვენი ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის".


სადღეისოდ საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება, თუმცა მათი წილი მთლიან ავტოპარკში 1%-ზე ნაკლებია.


სხვა სიახლეები