• Ƀ/$

„თბილისის წიგნის დღეები 2018“ გაიხსნა

8 ნოემბერი 14:57 | კომპანიები

საგამომცემლო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები 2018“ ხუთშაბათს, 8 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენაზე დილიდანვე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

გარდა წიგნებისა, ფესტივალის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, მოეწყო სამკითხველო.


გამოფენის სტუმრები ამბობენ, რომ პირველმა დღემ მომხმარებელთა მოლოდინები სრულიად გაამართლა.


„წლებია, თბილისის წიგნის დღეებს ვესწრები. მომწონს აქაური გარემო. შესანიშნავი ფასდაკლებების გამო ყოველთვის ხელდამშვენებული ვბრუნდები სახლში და არც ეს წელია გამონაკლისი“, – ამბობს ერთ-ერთი სტუმარი.


თბილისის წიგნის დღეებში წელს პირველად მონაწილეობს მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი.


„წელს პირველად ვმონაწილეობ თბილისის წიგნის დღეებში. მხოლოდ 1 წიგნი მაქვს წარმოდგენილი და 3 ტიპის ჩანთა. ხვალ დაემატება კიდევ დისკი. იმედია, ის შრომა, რაც ჩადებულია ამის განხორციელებაში, აუცილებლად დაფასდება“, – ამბობს მუსიკოსი.


ფესტივალში 50-მდე გამომცემლობაა ჩართული.


„თბილისის წიგნის დღეები 2018“ 11 ნოემბრამდე გასტანს. ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სასურველი წიგნები, ბესტსელერები 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.


ეს ფესტივალი წლებია, რაც საქართველოში იმართება. მას ყოველწლიურად უამრავი მომხმარებელი სტუმრობს.  


სხვა სიახლეები