• Ƀ/$

საქართველო-იაპონიას შორის საინვესტიციო მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

8 ნოემბერი 17:03 | ეკონომიკა

საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას თქმით, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და საქართველოში იაპონიიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ იაპონელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ხვთისიშვილთან ხუთშაბათს, 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-იაპონიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ საინვესტიციო შეთანხმების მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში დასრულდება. მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა სექტემბერში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.


ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისი მტკიცედ უჭერს მხარს იაპონიასთან მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას.


იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასარულს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მას წარმატებები უსურვა.


საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა.


საქართველო და იაპონია აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ტარდება რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რაც ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას; რეგულარულად ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, ბიზნეს ფორუმები და კულტურული ღონისძიებები.


იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლოს სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა. იაპონიის მხარის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, განათლებისა და სხვა სფეროებში. იაპონიის ODA-ის ფარგლებში, იაპონიის მხარე ასევე აქტიურად ახორციელებს გრასრუტების საგრანტო პროექტებს, რომელიც ორი მიმართულებით მიმდინარეობს: გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები (GCP) და გრასრუტების და კულტურული დახმარების პროექტები (GCCP). აღნიშნული პროგრამების მეშვეობით, განხორციელდა საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა დაწესებულებებების შენობათა რეაბილიტაცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.


JICA-ს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო მოხელეებს ყოველწლიურად შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის იაპონური ენის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ კურსებში.


მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სუამ-იაპონიის ფორმატის ფარგლებში.


სხვა სიახლეები